არავის მივცემთ უფლებას, ბნელი, ბოროტი განზრახვებით, საახალწლო და საშობაო დღესასწაულები გავაქროთ - კალაძე

kaladze

ბოლო დღეებია ამაზრზენ პოლიტიკურ განცხადებებს ვისმენთ - არავის მივცემთ უფლებას, ბნელი, ბოროტი განზრახვებით საქართველოში, თბილისში საახალწლო და საშობაო დღესასწაულები გავაქროთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, არსებობს თარიღები, რომელთაც განსაკუთრებული აღნიშვნა სჭირდებათ.

„არსებობს გარკვეული თარიღები, რომელთაც გვინდა თუ არ გვინდა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, განსაკუთრებული აღნიშვნა სჭირდებათ, რადგან იმედის, სიხარულის და ბედნიერების განცდა ადამიანების ცხოვრებაში აუცილებელია. სწორედ ასეთი თარიღია ახალი წელი. ვისურვებ, რომ არასდროს, მსოფლიოს არცერთ ქალაქში არ გაჰქრობოდეთ ადამიანებს მისი სათანადოდ აღნიშვნის სურვილი. დღეს მსოფლიო სერიოზული გამოწვევების წინაშეა, რეგიონშიც სერიოზული პრობლემებია ამ მიმართულებით, თუმცა, ყველაფერ ამის მიუხედავად ყველგან ცდილობენ, ადამიანებს მისცენ იმის შესაძლებლობა, რომ შობა-ახალი წლის დღეები აღინიშნოს. სამწუხაროა, რომ ბოლო დღეებია ამაზრზენ პოლიტიკურ განცხადებებს ვისმენთ, რომელთა განხილვასაც არ შევუდგები, მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა - არავის მივცემთ უფლებას, მათი ბნელი, ბოროტი განზრახვებით საქართველოში, თბილისში საახალწლო და საშობაო დღესასწაულები გავაქროთ. არავის მიეცემა ამის უფლება და შესაძლებლობა. ახალი წელი და შობა არის დღესასწაულები, რომელსაც ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანი განსაკუთრებით ელოდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.