1744741422
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტის თაობაზე სარატიფიკაციო დოკუმენტს მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა სარატიფიკაციო დოკუმენტს - „საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი)“.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სასესხო შეთანხმება მეტროს შემდგომ განახლებას ითვალისწინებს. მისი ინფორმაციით, თბილისის მეტროპოლიტენი 50 წელზე მეტია ფუნქციონირებს, მეტროთი მგზავრთა გადაყვანას 48 ერთეული 4-ვაგონიანი შემადგენლობა ახორციელებს, რომელთა ექსპლუატაციის ვადები იწურება და აუცილებელია 2025-2038 წლებში მათი ეტაპობრივი ჩანაცვლება/განახლება ახალი თანამედროვე შემადგენლობებით.
როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, თბილისის მეტროს არსებული შემადგენლობების სრულად ჩანაცვლებისათვის აუცილებელია ჯამში არანაკლებ 212 ვაგონის შესყიდვა, ხოლო ახალი შემადგენლობების გამართული და შეუფერხებელი ექსპლუატაციისთვის მეტროს ორივე ელექტროდეპოს და მეტროს ორი ხაზის შემაერთებელი გვირაბის რეაბილიტაცია/აღჭურვა, მეტროს მემანქანეების გადასამზადებლად აუცილებელი სასწავლო სიმულატორის შესყიდვა.
პროექტის მიხედვით, პირველ ეტაპზე მეტროს არსებული ვაგონებიდან ჩასანაცვლებელი გახდება 22 შემადგენლობა (ჯამში 97 ვაგონი).
აღნიშნული მიზნებისათვის ფინანსთა სამინისტრომ მიმართა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს საჭირო რესურსის ნაწილობრივი დაფინანსების მოძიების მიზნით. პროექტის თანადაფინანსება გათვალისწინებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით.
სასესხო შეთანხმების თანახმად, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი სესხის ოდენობა 125 მლნ ევროა, სესხის ხანგრძლივობა 22 წელი, მათ შორის, შვიდი წელი შეღავათიანი პერიოდი.
პროექტის სავარაუდო დასრულების თარიღია 2031 წლის 31 დეკემბერი.