ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქუჩის N102-თან სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ლოტკინი

სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ლოტკინის დასახლებაში, კერძოდ, ხუდადოვის ქუჩის N102-თან, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროექტის მიხედვით, დაახლოებით, ნახევარ ჰექტარ ფართობზე ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები შესრულდება. დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, მოეწყობა საფეხბურთო მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, საფეხმავლო ბილიკები, ტრენაჟორები და მოსასვენებელი პავილიონები.

„გარდა ამისა, დამონტაჟდება სარწყავი სისტემა, ვიდეომონიტორინგის კამერები, მოეწყობა გარე განათების ქსელი, საერთო სარგებლობის კიბე და საყრდენი კედლები. მისამართზე ამორტიზებული ინფრასტრუქტურის სადემონტაჟო სამუშაოები უკვე განხორციელდა. გარე პერიმეტრზე მოეწყო ბორდიური და ტერიტორია უსაფრთხოების ლითონის ღობით შემოისაზღვრა. ასევე, სხვლა-ფორმირება ჩაუტარდა არსებულ ხე-მცენარეებს. ამ ეტაპზე, გრუნტის მომზადების სამუშაოები მიმდინარეობს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე ინფორმაციით, ტერიტორია ყველანაირად მოწესრიგდება და ადგილობრივებს დასვენებისა და გართობის შესაძლებლობა ექნება.