გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე ბრალდებულ ექიმს 12 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
1740837355
გლდანის რაიონის მეოთხე მიკრორაიონის N110–N112 საცხოვრებელ კორპუსებთან რეკრეაციული სივრცე ეწყობა. მოსახლეობასთან შეთანხმებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე რამდენიმე უკანონო ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა და შესაბამისი სამუშაოები დაიწყო.
მიმდინარე პროექტს თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე კახა გულედანთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„გლდანის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე ეწყობა. ეს ტერიტორია ცუდ მდგომარეობაში, ფაქტობრივად, ნაგვით იყო სავსე. ასევე, იყო უკანონო შემოღობვები და ავტოფარეხები. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ადგილობრივ მოსახლეობას თანამშრომლობისთვის, რადგან მათი ჩართულობით განხორციელდა ავტოფარეხების დემონტაჟი და აღნიშნული სივრცე მთლიანად სკვერს დაეთმობა. ტერიტორიაზე, რომელიც, დაახლოებით, ერთ ჰექტრამდეა, მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები, სასეირნო ბილიკები, სარწყავი
სისტემა, დაირგვება ხე-მცენარეები, დამონტაჟდება განათების სისტემა და უსაფრთხოების კამერები. პროექტი აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში დასრულდება. გარდა ამისა, რეაბილიტაცია სჭირდება ქვედა ტერიტორიას, რომელსაც მომავალ წელს დავიწყებთ.
იქაც ანალოგიური პრობლემებია, ფარეხებისა და შემოღობვების სახით. გვექნება კომუნიკაცია მოსახლეობასთან, რომ ტერიტორია გამოთავისუფლდეს. საბოლოო ჯამში, მივიღებთ ორ ჰექტარ ტერიტორიას გამწვანებულს, გალამაზებულს, სადაც ყველა თაობის ადამიანი
შეძლებს დასვენებასა და განტვირთვას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, სკვერში განთავსდება მოსასვენებელი პავილიონი, ფიტნეს ზონები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
აღნიშნულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგეობა ახორციელებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 173 333 ლარი დაიხარჯება.
დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე გლდანის გამგებელი ბესიკ კალაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე იმყოფებოდნენ.