თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში ახალი კოვიდპრეპარატების შემოტანა იგეგმება

წამლები

საქართველოში ახალი კოვიდსაწინააღმდეგო მედიკამენტების შემოტანა იგეგმება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„ძალიან აქტიური დისკუსია და მოლოდინია ახალ, უკვე, კონკრეტულად კოვიდის საწინააღმდეგო ანტივირუსულ მედიკამენტებთან დაკავშირებით. მათ შორის, ერთია „მერკის“ მიერ წარმოებული „მოლნუპირავირი“, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში უკვე გამოიყენება. ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. კლინიკურმა ჯგუფმა მხარი დაუჭირა მედიკამენტის გარკვეული რაოდენობის შესყიდვას და ვფიქრობთ, რომ როგორც კი შესყიდვის პროცედურა დასრულდება, ის ქვეყანაში ხელმისაწვდომი იქნება,“ -  განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, შესაძლებელია, ჩვენმა ქვეყანამ „ფაიზერის“ მიერ დამზადებული მედიკამენტიც მიიღოს.

„დეკემბრის ბოლოს, FDA-მ მასაც მიანიჭა ავტორიზაცია. ამ მედიკამენტების არსებობა ძალიან იმედისმომცემია. მათი გამოყენება ნაჩვენებია მკურნალობის ადრეულ ეტაპზე, როდესაც ჯერ კიდევ არ არის გამოხატული მძიმე სიმპტომები. ესაა აბების სახით მისაღები მედიკამენტი. მისი მიღება ადვილია პაციენტებისთვის. ამდენად, ვფიქრობთ, რომ ეს კიდევ უფრო შეამცირებს ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას და მოგვცემს კლინიკური გამოსავლების გაუმჯობესების შესაძლებლობას მოგვცემს. მანამდე, დღევანდელ პირობებში, საქართველოში არის ის მედიკამენტები, რომლებიც აღიარებულია ევროპისა და აშშ-ის მარეგულირებლების მიერ, კონკრეტულად, კოვიდის შემთხვევაში“, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საუბრისას თამარ გაბუნიამ.