საქართველო მე-6 ტალღის ზღვარზე -რას პროგნოზირებენ ეპიდემიოლოგები

კორონავირუსი

პანდემიის ყველაზე მძიმე, მე-5 ტალღის პიკი გადავლილია, თუმცა წინ "ომიკრონის" შტამი და მასთან დაკავშირებული საფრთხეებია. დღევანდელი სტატისტიკა, ეპიდემიოლოგების შეფასებით, მე-6 ტალღის დასაწყისის მანიშნებელია. წინა კვირასთან შედარებით ინფიცირებულების რაოდენობა 30 პროცენტით გაიზარდა, რაც ახალი შტამის (ომიკრონის) გავრცელებაზე მიუთითებს.

სამხრეთ აფრიკული შტამით ინფიცირების მასიურ ზრდას ქვეყანაში 2 კვირაში ელოდებიან. პირველადი ცნობებით, ის გაცილებით მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს, თუმცა ვინაიდან ვაქცინაციის საერთო მაჩვენებელი საქართველოში დაბალია, ექიმები არ გამორიცხავენ, რომ შტამმა შესაძლოა სახე იცვალოს.

ახალი შტამის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალებად მედიკოსები კვლავ ვაქცინაციას ასახელებენ და ინფიცირების თავიდან ასაცილებლად, მათ, ვინც ორჯერ არიან აცრილები, ბუსტერ დოზების გაკეთებისკენ მოუწოდებენ. ამ დროისთვის, ქვეყანაში სამი დოზით აცრილთა რაოდენობა სულ 64 000-ია.

ახალი შტამის გავრცელების პირობებში, ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკური რესურსის მობილიზება უკვე დაიწყო. საწოლების თითქმის 50% თავისუფალია და საჭიროების შემთხვევაში, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, უწყება დამატებით ღონისძიებებსაც უზრუნველყოფს.