„ეს მედიკამენტი პაციენტისთვის უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი” - თამარ გაბუნია კოვიდის სამკურნალო წამლებზე

თამარი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განაცხადებით, კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი „პაქსლოვიდი“ აფთიაქში არ გაიყიდება, არამედ პაციენტი მას უფასოდ მიიღებს.

მისივე თქმით, საჭიროებს თუ არა კოვიდინფიცირებული დასახელებული პრეპარატით მკურნალობას, ამას ონლაინკლინიკის ოჯახის ექიმი გადაწყვეტს.

„ქვეყანაში ხელმისაწვდომია „პაქსლოვიდი“, მედიკამენტი, რომელიც უშუალოდ მიმართულია კორონავირუსის წინააღმდეგ. შესაბამის შემთხვევაში მისი გამოყენება მოგვცემს საშუალებას, მინიმუმამდე შემცირდეს ჰოსპიტალიზაცია, ასევე ლეტალობის მაჩვენებელი, რაც უკავშირდება კორონავირუსს. კოვიდის სამკურნალო პრეპარატი „პაქსლოვიდი“ პაციენტისთვის ხელმისაწვდომი გახდება უფასოდ. ის აფთიაქში არ გაიყიდება. მის დისტრიბუციას უზრუნველყოფს სამინისტრო შესაბამისი ქვედანაყოფის საშუალებით. ონლაინკლინიკის ოჯახის ექიმი, რომელიც ჩათვლის საჭიროდ, რომ პაციენტმა უნდა მიიღოს მედიკამენტი, ინფორმაციას გადასცემს იმ სტრუქტურას, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტთან წამლის მიტანას. შემდეგ უკვე ოჯახის ექიმი გააგრძელებს მეთვალყურეობას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.