მსოფლიო ბანკმა მოამზადა მემორანდუმი სახელწოდებით, „კონკურენტუნარიანი, ინტეგრირებული და ძლიერი საქართველოსთვის“

მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის მომზადებული ქვეყნის ეკონომიკური მემორანდუმის თანახმად, ქვეყნის ეკონომიკის ჯანსაღი მართვა და ხელსაყრელი სამეწარმეო გარემო ხელს უწყობს ეკონომიკურ საქმიანობას, მაგრამ მშპ-ის ზრდის  4-4.5 პროცენტის ფარგლებში შესანარჩუნებლად საჭირო იქნება შემდგომი რეფორმები.

დოკუმენტი სახელწოდებით – „მომავლის პროექცია კონკურენტუნარიანი, ინტეგრირებული და ძლიერი საქართველოსთვის“,  წარდგენილი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ ერთობლივად ორგანიზებულ ღონისძიებაზე დღეს წარადგინეს.

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ქვეყნის ეკონომიკური მემორანდუმი ასახავს საქართველოს მიღწევებს ბოლო ათწლეულის განმავლობაში და ასევე რეკომენდაციებს დარგობრივი პოლიტიკის მიმართულებით, რათა ქვეყანამ შეძლოს წარმატების მიღწევა მომდევნო ათწლეულის განმავლობაშიც.

„ანგარიში აღწერს მცირე, მაგრამ ღია და მდგრადი ეკონომიკის ისტორიას, რომელმაც მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა მშპ-ის ზრდისა და სიღარიბის შემცირების თვალსაზრისით, თუმცა მაინც შეზღუდულია პროგრესი პროდუქტიულობის ამაღლებისა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით.

ქვეყნის ეკონომიკური მემორანდუმის რეკომენდაციაა, რომ ქვეყანამ მაქსიმალურად გაზარდოს თავისი პოტენციალი მიმდინარე სტრუქტურული და სივრცითი გარდაქმნის ხელშეწყობით; პროდუქტიულობის ამაღლებით დარგების და ფირმების დონეზე; კავშირების და საგარეო ვაჭრობის გაფართოებით; და ადამიანური რესურსების განვითარებით და უკეთ გამოყენებით.

გაურკვევლობით და გამოწვევებით სავსე გარემოს პირობებში, ქვეყნის ეკონომიკური მემორანდუმი ხაზს უსვამს COVID-პანდემიამდე არსებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მნიშვნელობას, რაც შექმნის უკეთესი ანაზღაურების მქონე სამუშაო ადგილებზე წვდომის შესაძლებლობას“, – აცხადებენ მსოფლიო ბანკში.

როგორც სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა აღნიშნა, საქართველომ წარმატებული ეკონომიკური ზრდა განიცადა გასული ათი წლის განმავლობაში, თუმცა ქვეყანა ამით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა გააგრძელოს თავისი ეკონომიკის მოდერნიზება, რეფორმირება კიდევ ერთი წარმატებული ათწლეულის უზრუნველსაყოფად.

„მეტი შესაძლებლობების, კავშირებისა და უფრო მაღალი კონკურენტუნარიანობის მქონე ქვეყანა უკეთ შეძლებს ორიენტაციას ეკონომიკური ვარდნის გლობალური ტენდენციების, მზარდი ვალის, ღირებულების გლობალური ჯაჭვების გამოწვევების, თანამედროვე ტექნოლოგიების და კლიმატის ცვლილების პირობებში, რომელთაგან თითოეული შეიძლება რისკს უქმნიდეს ეკონომიკურ ზრდას, ან სწორად მართვის შემთხვევაში, გვთავაზობდეს პოტენციურ შესაძლებლობებს“, – აღნიშნა სებასტიან მოლინეუსმა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, უკანასკნელ წლებში საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია მაკროეკონომიკური სტაბილურობის, ეკონომიკური მდგრადობის, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის, ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესების და შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავების მიმართულებით.

„ჩვენ ვაპირებთ გამოვიყენოთ აღნიშნული წარმატება და გავაძლიეროთ ძალისხმევა პროდუქტიულობის ამაღლებისთვის საჭირო რეფორმების განსახორციელებლად, საერთაშორისო კავშირების გასაუმჯობესებლად, საქართველოს ინტეგრაციის გასაზრდელად ღირებულების გლობალურ ჯაჭვებში, ადამიანური კაპიტალის გასავითარებლად და დიგიტალიზაციისა და ინოვაციებისთვის ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დოკუმენტი მიუთითებს, რომ საქართველოში სტრუქტურული და სივრცითი გარდაქმნა მიმდინარეობს, თუმცა დასაქმების დაახლოებით ერთი მეხუთედი ისევ სოფლის მეურნეობაზე მოდის.

„სოფლის მეურნეობაში და ეკონომიკის სხვა დარგებში დასაქმებულ პირთა გამომუშავებას შორის მნიშვნელოვანი განსხვავების გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ სტრუქტურული გარდაქმნის პოტენციალი ჯერ ამოწურული არ არის. სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის ამაღლებას, დინამიურობის გაძლიერებას ქალაქებში და თბილისის უკეთესად მომზადებას მდგრადი და ინკლუზიური ზრდისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება გარდაქმნის დასაჩქარებლად“, – აცხადებენ მსოფლიო ბანკში.

მსოფლიო ბანკის უფროსის, ევგენი ნაჟდოვის თქმით, მომავალში ეკონომიკური ზრდა საქართველოში სულ უფრო მეტად იქნება დამოკიდებული კომპანიების პროდუქტიოულობის მატებასა და გარე ბაზრებზე არსებული შესაძლებლობების გამოყენების უნარზე.

„ამასთან ერთად, გაცილებით აქტიურ და მაღალკვალიფიციურ მუშახელს შეუძლია არსებული დემოგრაფიული ტენდენციების კომპენსირება და პროდუქტიულობის ამაღლება“, – განაცხადა ევგენი ნაჟდოვმა.

„დოკუმენტი მიმოიხილავს ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ რამდენიმე დაბრკოლებას, რომლებიც შეიძლება გავლენას ახდენდეს პროდუქტიულობაზე, მათ შორის, დაფინანსებასთან წვდომაზე, ჩრდილოვანი ეკონომიკის წილზე, კონკურენციაზე, ისევე როგორც ფირმების შესაძლებლობებზე,როგორებიცაა, მაგალითად, მართვის უნარები და ინოვაცია. ქვეყნის ეკონომიკური მემორანდუმი ხაზს უსვამს, რომ ქართული ფირმები უნდა გახდნენ უფრო მეტად ექსპორტზე ორიენტირებულნი და ყურადღებას ამახვილებდნენ უკეთესი კავშირების დამყარებაზე.

ქვეყნის ეკონომიკური მემორანდუმის რეკომენდაციაა დანაზოგების ზრდა ინვესტიციების მაღალი მაჩვენებლების აღსადგენად ვალის ზრდის გარეშე. აღნიშნულის მიღწევა შეიძლება გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელებით, კორპორაციული მართვის გაძლიერებით და სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის ზრდით, შინამეურნეობების ფინანსური წიგნიერების ამაღლებით, განსაკუთრებით, განათლებასთან და ჯანდაცვასთან დაკავშირებული გრძელვადიანი გადაწყვეტილებების თვალსაზრისით.

დაბოლოს, ქვეყნის ეკონომიკური მემორანდუმი ყურადღებას ამახვილებს უნარებზე და შრომის ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე და მიუთითებს შექმნილ სამუშაო ადგილებსა და შრომითი რესურსების განათლების პროფილს შორის შეუსაბამობაზე; უნარ-ჩვევების დეფიციტზე, რაც მომდინარეობს სწავლების სუსტი პრაქტიკიდან და დამსაქმებლებთან არსებული სუსტი კავშირებიდან; და შრომის ბაზრის არასაკმარისად განვითარებულ ინსტიტუტებზე, რომლებიც ზღუდავს ინფორმაციასთან წვდომას და დასაქმების სერვისების შეთავაზებას“, – აცხადებენ მსოფლიო ბანკში.