რომელ დღეს არ შეიძლება თმის შეჭრა და სისხლის გადასხმა - მიხეილ ცაგარელის რჩევა

ასტროლოგი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ ტენდენციებზე საუბრობს და განმარტავს, ამ კვირის რომელ დღეს არ შეიძლება თმის შეჭრა და სისხლის გადასხმა.

„ეს ერთ-ერთი საუკეთესო კვირაა, ოღონდ, ერთი დღის გამოკლებით. ეს ერთი დღე არის ხვალ. ხვალ სავსემთვარეობაა, ანუ მზე და მთვარე უპირისპირდებიან ერთმანეთს, ტყუპები-მშილდოსნის ზოდიაქურ ღერძზე. როდესაც მზე და მთვარე არ მეგობრობენ და მათ შორის კონფლიქტია, დედამიწაზე დიდი რაოდენობით უარყოფითი ენერგია მოდის. ეს პერიოდი მშვიდად, წყნარად გავიაროთ. ზოგს ენერგიის დიდი მოჭარბება ექნება და არ იცის, სად წაიღოს. ამ ენერგიამ შეიძლება აგრესიის, კონფლიქტის, ყვირილის, ბრაზის, საქმის გარჩევის ან საჭესთან ჯირითის სახით გამოხეთქოს. აუცილებელი არაა, რომ კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნას, მაგრამ რადგან ტენდენცია არსებობს, სიფრთხილე გამოვავლინოთ. არაფერი სარისკო, განსაკუთრებული, მნიშვნელოვანი ხვალ არ დავგეგმოთ.

ხვალინდელი დღის გამოკლებით, მთლიანობაში, კვირა კარგია. შაბათ-კვირა ოდნავ გეომაგნიტური იქნება და ვისაც წნევასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, შეიძლება, ეს დღეები ცოტა არ მოეწონოთ, მაგრამ მთლიანობაში, საქმიანი, ურთიერთობების კუთხით, ხვალინდელი დღის გამოკლებით, კვირა კარგია.

ოთხი დღე - ხვალ, ხუთშაბათსა და შაბათ-კვირას გეომაგნიტურია და ცოტა მეტი ყურადღება დავუთმოთ წნევების მდგომარეობას. თუ დისკომფორტი, თავის ტკივილი, უგუნებობა, მაღალი ან დაბალი წნევა გვექნება, შესაბამისი წამლები, ყავა ან რაღაც ამდაგვარი, დამხმარე საშუალებები მივიღოთ, რათა ის წესრიგში მოვიყვანოთ. იმის გამო, რომ ხვალ სავსემთვარეობაა, კონფლიქტების, ტრავმულ-ავარიული ტენდენციების ალბათობა მაღალია, ეცადეთ, რომ ხვალ თმა არ შეიჭრათ, სისხლის გადასხმა არ შეიძლება, რადგან სავსემთვარეობაზე სისხლი ორმაგად სწრაფად მოძრაობს და შეიძლება, მერე დიდხანს ვერ გააჩერონ.

მნიშვნელოვანია დღევანდელი დღეც - მერკური, გონების, ინტელექტის, კომუნიკაციის მმართველი პლანეტა დღეს ტყუპების ზოდიაქოში გადაინაცვლებს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს შორის კომუნიკაცია მოიმატებს, კარგი პერიოდია მოლაპარაკებებისთვის, გონებამახვილობა გაძლიერდება, ვისაც უცხო ენების ათვისება უნდა, საუკეთესო პერიოდია ამის დასაწყებად“, - აღნიშნა მიხეილ ცაგარელმა.