"საბედნიეროდ, ის ცოლიანი იყო… მე თავისუფლება ვერ დავთმე... მეცოდება ის ქალი, რომელმაც უნდა გააკეთოს სადილი, გადაანაწილოს ფული და მაინც იყოს მშვენიერი" - ზეიკო ბოცვაძე

zeiko

13 აგვისტოს დაიბადა და თარსი რიცხვის უიღბლობა დაჰყვა. სიყვარულშიც უიღბლო იყო, რეალურ ცხოვრებაში კი "მონანიების" ქეთი ბარათელს ჰგავდა – ტრაგიზმით, სევდით, შეპარული ცინიზმით და ამას თვითონაც აღიარებდა. ხასიათის ის შტრიხები, რაც ამ ფილმში მის გმირს აქვს, ზეიკოს გამოხატავს: თეთრ კაბაში გამოწყობილი, თეთრი შლაპით, ამაყად თავაწეული ქეთევან ბარათელი მოხდენილად რომ შემოაბიჯებს დარბაზში და მერე, ვიწრო საკანში განმარტოებული საკუთარ თავს ჩაღრმავებული, გულგატეხილობას, ნაღველსა და მარტოობას რომ ამჟღავნებს.

ადრე დატოვა სააქაო, 50 წლისაც არ იყო, სამაგიეროდ, სევდიანად დაუვიწყარია მისი პერსონა, რომელმაც გაიელვა და წავიდა...

ზეინაბ ბოცვაძე: ვთვლი, რომ მარტოხელა მგელს ვგავარ. ჩემი ყველაზე დიდი ნაკლი არის ის, რომ პატიება არ შემიძლია. მიჭირს, რადგან მიმაჩნია, რომ რაც მაკადრეს, იმის ღირსი არ ვიყავი. ეტყობა ესეც არის იმის მიზეზი, რომ თავს მარტოხელა მგლად აღვიქვამ.

ბევრ რამეს შევცვლიდი. თუ ყველაფერი შედარებითია, მაშინ მე ბედნიერი ვარ. ბედნიერი ვარ თუნდაც იმით, რომ სიყვარული მაქვს განცდილი, ძალიან მიყვარდა… დაგასწრებთ და გიპასუხებთ კითხვაზე – მაშინ რატომ არ შეიქმნა ოჯახი? – საბედნიეროდ, ის ცოლიანი იყო… ჩვენი ცოლქმრობა ალბათ დაკარგავდა იმ ფერებს, რაც ამ გრძნობაში იყო. ყოფა ისე ცუდად შემოდის ჩვენს ცხოვრებაში. მართლა მეცოდება ის ქალი, რომელმაც უნდა გააკეთოს სადილი, გადაანაწილოს ფული და მაინც შეინარჩუნოს უნარი, რომ იყოს მშვენიერი, მშვიდი და მოსიყვარულე. მე თავისუფლება ვერ დავთმე...

ეს ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა და ამ ერთ აბზაცში მთელი ცხოვრება ჩატია. მისი ნაღვლიანი თვალების მიზეზსაც თითქოს აქ ვკითხულობთ.

ცისანა ბოცვაძე: რატომღაც ყოველთვის უიღბლო სიყვარული ჰქონდა. ძალიან მართალი იყო. კაცები ხომ იცით, როგორები არიან. ისე იღებენ, თითქოს იმსახურებენ. ზეიკო ალალი და კეთილი იყო. როცა უყვარდა, უნდოდა ესიამოვნებინა, რასაც უკუღმა იღებდნენ მამაკაცები. თვლიდნენ, რომ კიდევ ეკუთვნოდათ.

სამი თვე ჰყავდა ქმარი. ხუმრობდა, კაცს სამი თვის მერე წიხლი უნდა ჰკრა და გააგდოო. ბევრი მეგობარი ჰყავდა. ხშირად ეტრფოდნენ. ჰქონდა რომანები, გატაცებები…

ერთი ცნობილი კომპოზიტორი უყვარდა. უპირველესად მის ნიჭს სცემდა პატივს. თვითონ ნიჭიერი იყო და სხვის ნიჭსაც აფასებდა. მისთვის გარეგნობას არ ჰქონდა მნიშვნელობა. მასთან თავს კარგად გრძნობდა. მერე დაშორდნენ.

სერგო ფარაჯანოვსაც მოსწონდა, ბორია ხმელნიცკისაც. ბევრს მოსწონდა ზეიკო.

ქორწინება აღარ უნდოდა, ამაზე არც ჰქონია პრეტენზია. შვილი კი უნდოდა, მაგრამ რახან დიაბეტი ჰქონდა, ექიმმა უთხრა, შენთვის შვილის გაჩენა არ შეიძლებაო. მამა რომ გარდაიცვალა 14 წლის იყო ზეინაბი, დედა რომ გარდაიცვალა – 21-ის. ინერვიულა და დიაბეტით დაავადდა. 300 ჰქონდა სისხლში შაქარი.

მშობლები რომ გარდაგვეცვალნენ ჩვენით მოგვიხდა თავის გატანა. ზეიკომ კერვით დაიწყო თავის რჩენა, არავის რომ არ შეცოდებოდა, რა საწყალიაო. ჩვენმა ძმამ მერე დაიცვა დისერტაცია. შრომას მიგვაჩვიეს მშობლებმა. მამა იურისტი იყო, მაგრამ ნატურით შემოქმედი, ქეიფების მოყვარული გახლდათ. ჩვენ მისი განათლებული წრისგან ბევრი რამ ვისწავლეთ. დედა პრაგმატული ქალი იყო…

 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ალი ავარდა! ასეთი სასწაული ჩემს ცხოვრებაში არ მომხდარა! ჯერ თვითონაც ვერ გავრკვეულვარ, ეს რა იყო...“ - რა შეემთხვა ტარიელ ხარხელაურს ბაგრატის ტაძარში

"მამას დიაგნოზი რომ გავიგეთ, ორი კვირა ვფიქრობდით, რა ფორმით გვეთქვა მისთვის" - ამირან არაბულს თურქეთში რვა საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა

"ვღელავდი? უფრო მეტი… ბავშვივით მიფანცქალებდა გული. არ ვიცოდი, რით დამეწყო, ყელში მებჯინებოდა სათქმელი..." - რა შეაძლებინა გოგი ხარაბაძეს პატრიარქმა

ვატყობდი, რომ ემოციებისგან თავს მაქსიმალურად იკავებდა. სახლში მისულს მხოლოდ ეს დაცდა...“ - ლენუკა მამის ვარსკვლავის გახსნაზე გვიყვება