უნიკალური მექანიზმი კიბოს წინააღმდეგ - ამერიკელი მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ

მეცნიერები

 ფლორიდის უნივერსიტეტის კვლევაში ი-რნმ ვაქცინამ სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტი აჩვენა. ეს ექსპერიმენტი თაგვებზე ჩატარდა და კიბოს წინააღმდეგ საყოველთაო ვაქცინის შექმნის პროცესში წინ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯია.

როგორც აღმოჩნდა, ექსპერიმენტული ი-რნმ ვაქცინის კიბოს საწინააღმდეგო ტრადიციულ პრეპარატებთან ერთად გამოყენება ძლიერ ანტისიმსივნურ რეაქციას იწვევს. კვლევის ავტორების თქმით, ამ გასაოცარ ეფექტს არა კონკრეტული სიმსივნური უჯრედის პირდაპირი განადგურებით, არამედ საერთო იმუნური სისტემის სტიმულირებით მიაღწიეს.

 მკურნალობის პროცესი ორგანიზმის მიერ რაიმე ვირუსთან ბრძოლას ჰგავდა. ფლორიდის უნივერსიტეტის გუნდმა სიმსივნურ უჯრედში PD-L1ცილის გააქტიურებით, სიმსივნეები მკურნალობის მიმართ მეტად მგრძნობიარე გახადა.

კვლევას არაერთმა ფედერალურმა სააგენტომ და ფონდმა, მათ შორის აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა, დაუჭირა მხარი.

კვლევის წამყვანი ავტორის, ელიას საიურის თქმით, ეს აღმოჩენა კიბოს მკურნალობის ახალ მეთოდს გვთავაზობს. მისი თქმით, ეს ალტერნატივა სხივური და ქიმიოთერაპიის ჩანაცვლების საშუალებას მოგვცემს. მეთოდი განსაკუთრებით სასარგებლო ისეთი სიმსივნეების წინააღმდეგ იქნება, რომლებიც ტრადიციულ მკურნალობას არ ემორჩილება.

„ეს კვლევა მოულოდნელი და აღმაფრთოვანებელი შედეგით დასრულდა. როგორც ჩანს, ვაქცინას მაშინაც კი შეუძლია სიმსივნეზე ზემოქმედება, როცა იგი კონკრეტული უჯრედისთვის არ შექმნილა. ასეთი ვაქცინები შესაძლოა, კიბოს უნივერსალური მკურნალობის მეთოდად იქცეს", - აღნიშნავს საიური.

 დღემდე კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაში ორი ძირითადი მიდგომა არსებობდა:

უნდა გვეპოვა ბევრ პაციენტში გამოხატული კონკრეტული სამიზნე და მისთვის გვემკურნალა.

ან ინდივიდუალურად, ცალკეულ პაციენტებზე მორგებული სპეციალური მეთოდი შეგვემუშავებინა.


ამ კვლევამ მესამე მიმართულებაც გააჩინა. აღმოჩნდა, რომ იმუნური სისტემის სტიმულაციით ძლიერი ანტისიმსივნური რეაქციის მიღწევა კონკრეტული სიმსივნური უჯრედის დაუზიანებლადაც შეგვიძლია. ეს ნიშნავს, რომ მსგავსი ვაქცინები კიბოს მქონე პაციენტებზე ფართოდ შეგვიძლია გამოვიყენოთ. მომავალში მან შესაძლოა, ყველა პაციენტისთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი კიბოს ვაქცინის შექმნის შესაძლებლობაც კი მოგვცეს. 

რვა წელზე მეტია საიური თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით ანტისიმსივნური ვაქცინების შექმნის პროცესს ხელმძღვანელობს. ეს ახალი კვლევა გარკვეულწილად საიურის ლაბორატორიის წინა მიღწევას ეფუძნება.

გასულ წელს ადამიანზე ჩატარებულ კლინიკურ კვლევაში, ი-რნმ ვაქცინამ იმუნური სისტემის განახლებით აგრესიული გლიობლასტომადაამარცხა. ოთხ პაციენტზე ჩატარებულ კვლევაში განსაკუთრებით შთამბეჭდავი ახალი მეთოდის სისწრაფე იყო. ამ ტექნიკამ სიმსივნის დასაძლევად მძლავრი იმუნური რეაქცია უსწრაფესად გამოიწვია.

ამ ბოლო კვლევაში, საიურის გუნდმა "ზოგადი" ი-რნმ ვაქცინა გამოცადა. ვაქცინა რომელიმე კონკრეტულ ვირუსზე ან კიბოს უჯრედზე ორიენტირებული არ ყოფილა. მისი მიზანი უბრალოდ იმუნური სისტემის რეაქციის გაძლიერება იყო. ეს პრეპარატი COVID-19-ის ვაქცინების მსგავსი ტექნოლოგიით დამზადდა, მაგრამ ახლა იგი უშუალოდ კორონავირუსის სპაიკ-ცილის წინააღმდეგ არ ყოფილა მიმართული.

ექსპერიმენტის ფარგლებში, ეს პრეპარატი მელანომას მქონე თაგვებზე გამოიცადა. შედეგები ისეთ სიმსივნეებშიც კი იმედის მომცემი გამოდგა, რომლებიც ტრადიციული მეთოდებით არ იკურნება.

 „განსაკუთრებით ეფექტური პრეპარატისა და PD-1 ინჰიბიტორის ერთად გამოყენება აღმოჩნდა. PD-1 ინჰიბიტორი მონოკლონური ანტისხეულების ტიპია, რომელიც, მარტივად რომ ვთქვათ, იმუნურ სისტემას "ასწავლის", რომ სიმსივნე უცხოა და მასთან გამკლავება სჭირდება", - განმარტავს კვლევის თანაავტორი დოქტორი დუეინ მიჩელი.

კვლევის მომდევნო ეტაპზე კანის, ძვლისა და თავის ტვინის სიმსივნეების შემთხვევებშიც დადებითი შედეგები დაფიქსირდა. ზოგიერთი თაგვის შემთხვევაში, სიმსივნე მაშინაც კი გაქრა, როცა ი-რნმ ვაქცინა PD-1 ინჰიბიტორისა და სხვა დამატებითი პრეპარატების გარეშე გამოიყენებოდა.

 საირუმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ ი-რნმ ვაქცინა იმუნური სისტემის საპასუხო რეაქციას ააქტიურებს. მისი გამოყენების შემდეგ T ლიმფოციტების გამოყოფა იწყება, რომლებიც იქამდე არ ფუნქციონირებდა. თუ ვაქცინის მიერ გამოწვეული იმუნური რეაქცია საკმარისად ძლიერი იქნება, ლიმფოციტები სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებს.

დუეინ მიჩელის შეფასებით, კვლევის შედეგები რევოლუციურია და შესაძლოა, კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის უნივერსალურ იარაღად იქცეს. მართალია, ექსპერიმენტი თაგვებზე ჩატარდა, მაგრამ თუ მკურნალობის მეთოდი ადამიანებშიც იგივე ეფექტს მოგვცემს, ეს უდიდესი მიღწევა იქნება.

ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევრები კიბოს საყოველთაო ვაქცინის შექმნის იმედს იძლევიან. პრეპარატი იმუნურ სისტემას ააქტიურებს და სტანდარტულ ანტისიმსივნურ საშუალებებთან კოორდინირებული მუშაობით სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებს. ზოგიერთ შემთხვევაში, ვაქცინა დადებით შედეგს დამატებითი პრეპარატების გარეშეც კი იძლევა.

ახლა მკვლევართა ჯგუფი მკურნალობის მეთოდის დახვეწასა და თაგვებზე ექსპერიმენტებიდან ადამიანებზე გადასვლას აპირებს.