უკვე ცნობილია, ვის ეკუთვნის 350 000 წლის ვულკანურ ზედაპირზე დატოვებული ნაკვალევი

ვის ეკუთვნის 350 000 წლის ვულკანურ ზედაპირზე დატოვებული ნაკვალევი

დაახლოებით 350 000 წლის წინ სამხრეთ იტალიაში როკამონფინას ვულკანი ამოიფრქვა. ამის შედეგად ვულკანური ფერფლი ატმოსფეროში მაღლა აიჭრა, ხოლო მდნარი პიროკლასტური მასა მიმდებარე ველებს გადაეფინა. როდესაც ეს რელიეფი ნელ-ნელა გაცივდა, არქაულმა ადამიანებმა ვულკანის ახლად წარმოქმნილ ზედაპირზე გაიარეს და რბილ ქანზე ნაფეხურები დატოვეს.

მათ "ეშმაკის ნაკვალევი" უწოდეს. მეცნიერებმა ის დეტალურად შეისწავლეს, რათა გაერკვიათ, ადამიანთა რომელ სახეობას ეკუთვნოდა ნაფეხურები, რომლებიც ვულკანის დამრეც ფერდობზე აღმოაჩინეს. კვალი სხვადასხვა ზომისა და წონის მინიმუმ ოთხ ინდივიდს უნდა დაეტოვებინა.

მეცნიერებმა მათთვის დამახასიათებელი ფიზიკური პარამეტრების დასადგენად სპეციალური ფორმულები გამოიყენეს, რომლებსაც უძველესი ადამიანების სიმაღლისა და წონის გამოსათვლელად აქამდეც დაჰყრდნობიან. ვინაიდან ეს ფორმულები ძირითადად ბრტყელ ზედაპირზე დატოვებულ ნაკვალევებზე ჰქონდათ განცდილი, ვულკანურ ციცაბო რელიეფზე მათი მორგება მარტივი არ ყოფილა.

კვლევის მიხედვით, ნაფეხურები იმდროინდელია, როცა პიროკლასტური მატერია ჯერ კიდევ რბილი იყო, თუმცა საკმარისად გაგრილებული იმისთვის, რომ მასზე გაევლოთ. ამასთან, ფერდობი საკმარისად ციცაბო, არათანაბარი, სველი და მოლიპული იყო, რომ არქაული ადამიანების სიარულის მანერასა და ნაბიჯების ფორმაზე გავლენა ჰქონოდა.

ამ არასტაბილური გარემოს გამო სპეციალისტთა მიერ გამოყენებული ფორმულები ინდივიდთა ზუსტ ფიზიკურ მონაცემებს ვერ ადგენდა და მიღებული შედეგები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. ამის მიუხედავად, ყურადღებით შერჩეული ფორმულების მიხედვით, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ოთხივე ინდივიდის წონა დაახლოებით 55.5-დან 64.6 კილოგრამამდე მერყეობდა, ხოლო სიმაღლე — 152.9-დან 176.7 სანტიმეტრამდე.

მაშასადამე, მათი საშუალო წონა 60 კილოგრამი, ხოლო სიმაღლე 166 სანტიმეტრი იყო. ეს მონაცემები ჰაიდელბერგელი ადამიანისას (Homo Heidelbergensis) შეესაბამება — ჰომოს გვარის გადაშენებული სახეობისას, რომელიც იმ პერიოდში ევროპის ტერიტორიაზე ცხოვრობდა. ის თანამედროვე ადამიანებისა და ნეანდერტალელების საერთო წინაპრად მიიჩნევა.

ნაკვალევების სიდიდისა და ფორმის მიხედვით მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჯგუფში, შესაძლოა, ორი მდედრი ან ბავშვი და ერთი მამრი ყოფილიყვნენ. ამის მიუხედავად, არსებული მონაცემები ზუსტი დასკვნების გამოტანის საშუალებას არ იძლევა.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Quaternary გამოქვეყნდა, რომელიც პორტალმა NEXT.on.ge-მ თარგმნა