„მკვლელი გარდაცვლილის საუკეთესო მეგობარი იყო - რას ჰყვებიან თბილისში მოკლული 26 წლის ბიჭის ახლობლები

 მოკლული 26 წლის ბიჭი

თბილისში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული 26 წლის ლევან ჯანგულაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის მცხოვრებია.

გარდაცვლილის დეიდაშვილი, თენგო მათიაშვილი ჰყვება, რომ ახალგაზრდა კაცი, უახლოესმა მეგობარმა მოკლა და შემდეგ, გამოძიებისათვის კვალის არევა სცადა.

" გოძიაშვილის ქუჩაზე შეხვდნენ, აიყვანა მიტოვებულ კორპუსში, ლურსმნიანი ფიცრით სცემა და შემდეგ დაბლა გადმოაგდო. კვალის ასარევად, ბენზინი მიასხა, ცეცხლი წაუკიდა და ლიფტის შახტაში ჩააგდო. ჩვენ კვალის ასარევად გვეუბნებოდა, რომ ბოლოს ნახა მისთვის უცნობ პიროვნებასთან ერთად და ამის შემდეგ, აღარაფერი იცოდა. პოლიციამ ნახა სისხლის კვალი და დათვალიერების შემდეგ, იპოვა დამწვარი ცხედარი. ჩემი დეიდაშვილი უკონფლიქტო ბიჭი იყო, ერთ- ერთ რესტორანში მზარეულად მუშაობდა. არაფერი ვიცით, რა გახდა მკვლელობის მიზეზი და რას ეუბნება გამოძიებას" - ამბობს მათიაშვილი.

შეგახსენებთ, ლევან ჯანგულაშვილის ცხედარს პოლიციამ ორკვირიანი ძებნის შემდეგ მიაგნო. მანამდე, ახალგაზრდა კაცს, პოლიციასთან ერთად, ახლობლები და მეგობრებიც ეძებდნენ.