შექმნილია სენსორი, რომელიც ალცჰაიმერს სიმპტომების გაჩენამდე გამოავლენს

ალცჰაიმერი

გერმანიაში მდებარე ბოხუმის რურის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა შექმნეს იმუნო-ინფრაწითელი სენსორი, რომელიც სისხლის ანალიზებზე დაყრდნობით ალცჰაიმერის დაავადებას სიმპტომების გაჩენამდე 17 წლით ადრე ავლენს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ახალი მოწყობილობა პეპტიდ ბეტა ამილოიდებზეა კონცენტრირებული, რომელთა არასწორი ფორმირებაც ტვინში  დაავადებისთვის დამახასიათებელი დანალექის გაჩენას უწყობს ხელს. ადამიანთა სისხლის ახალი ხერხით შესწავლა მსგავსი რისკის ნაადრევი გამოვლენის საშუალებას იძლევა.

გუნდმა 2000-დან 2002 წლამდე პერიოდში კვლევაში მონაწილეების ორგანიზმიდან აღებული სისხლის პლაზმის ნიმუშები გააანალიზეს და შეარჩიეს 68 პირი, რომელსაც მომდევნო 17 წლის განმავლობაში ალცჰაიმერი დაუდგინდა. შემდეგ მათი შედეგები კონტროლ ჯგუფში შემავალი 240 ადამიანის შედეგებს შეადარეს.

აღმოჩნდა, რომ ამ 68 ადამიანის სისხლში გლიალური ფიბრილარული მჟავე ცილის (GFAP) კონცენტრაცია კლინიკური სიმპტომების გაჩენამდეც კი საეჭვო იყო და ალცჰაიმერზე მიანიშნებდა. შესაბამისად ბეტა-ამილოიდებთან ერთად, ესეც კარგი ინდიკატორია, ორივე მათგანი კი სენსორის სიზუსტეს განაპირობებს.