რომაელმა მოზარდებმა სკოლის სარდაფში 1800 წლის მდიდრული სახლი აღმოაჩინეს

რომაელმა მოზარდებმა სკოლის სარდაფში 1800 წლის მდიდრული სახლი აღმოაჩინეს

რომში, მოზარდები სკოლის სარდაფში შეიპარნენ და 1800 წლის წინანდელი მდიდრული სახლი აღმოაჩინეს. კავურის საბუნებისმეტყველო ლიცეუმი კოლიზეუმთან ახლოს, XIX საუკუნის მიწურულს აშენებულ შენობაში მდებარეობს.წლების განმავლობაში არსებობდა ლეგენდა, რომ ლიცეუმის სპორტდარბაზის ქვეშ მალული იდუმალი ოთახების შესახებ. როგორც აღმოჩნდა, ეს უბრალო სასკოლო ლეგენდები არ ყოფილა.

მოსწავლეებმა აღმოჩენის შესახებ სკოლის ადმინისტრაციას შეატყობინეს, რის შემდეგაც ადგილზე არქეოლოგები გამოიძახეს, რომლებმაც დაადგინეს, რომ ბავშვების მიერ აღმოჩენილი ბნელი დერეფნები II საუკუნის შუა პერიოდის ძველრომაულ სახლს ეკუთვნოდა.

აქ კი გაახსენდათ, რომ ჯერ კიდევ ამ შენობის მშენებლობისას, საძირკველზე მუშაობის დროს, მის ქვეშ რომაული ნაგებობის ნაწილი იყო შემჩნეული. რაიონი, სადაც ლიცეუმი მდებარეობს, ისტორიული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია - იქ ცხოვრობდნენ ციცერონი, პომპეუსი და ოქტავიანე ავგუსტუსი, თუმცა თანამედროვე შენობების სიმრავლის გამო გათხრების ჩატარება საკმაოდ რთულია.

სკოლის ქვეშ არსებული ოთახები ძალიან კარგადაა შემონახული. კედლებზე ფერადი ფრესკებია, ხოლო ჭერის თაღები ბათქაშის ორნამენტებითაა მორთული. ერთ-ერთ ოთახში დიდი ფილებისგან გაკეთებული მოზაიკაა - ეს სტილი რომაულ ელიტაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

არქეოლოგებმა სახლის სავარაუდო მფლობელის ვინაობაც დაადგინეს - ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოს აქ ანტიკური წყალგაყვანილობის ტყვიის მილის ნაჭერი იპოვეს, რომელზეც მფლობელების სახელები იყო ამოტვიფრული: უმბრია ალბინა და ლ. ფაბიუს გალუსი (სავარაუდოდ, უმბრიას ქმარი ან სახლის მომდევნო მფლობელი). ისტორიკოსები იცნობენ უმბრიუსების საგვარეულოს. მათ ეკუთვნოდათ ვილა ალფედენაში და აგურის წარმოება. უმბრია ალბინას მამა, სავარაუდოდ, იმპერატორ ადრიანეს დროს პროკურატორი და ძალიან მდიდარი ადამიანი იყო.

აღმოჩენილი ნაგებობა საკმაოდ დიდია და ჯერჯერობით მხოლოდ მისი ნაწილია შესწავლილი. ლიცეუმი და არქეოლოგიური სამმართველო გეგმავენ, რომ ეს ადგილი დამთვალიერებლებისთვის გახსნან.