რამდენი ოქროა დედამიწაზე?

ოქრო

რამდენი ოქროა ჩვენს პლანეტაზე? ამ საკითხით გამოცემა Live Science დაინტერესდა, რომელიც მკითხველს ახსენებს, რომ ოქრო მძიმე ლითონი და დედამიწის ერთ-ერთი უიშვიათესი ელემენტია. ის კოსმოსში ნეიტრონული ვარსკვლავების შეჯახებისას იქმნება.

სხვადასხვა მონაცემებით, დღემდე ადამიანებმა 206-დან (აშშ-ის გეოლოგიური კვლევა) 238 ტონა (მსოფლიოს ოქროს საბჭო) ოქრო მოიპოვეს. აქედან დაახლოებით 45% სამკაულების დასამზადებლად არის გამოყენებული, 22% ზოდებსა და მონეტებში ინახება, 17% კი ცენტრალური ბანკების რეზერვებშია განთავსებული. დარჩენილი ნაწილი გამოიყენება ინდუსტრიაში, ტექნოლოგიაში და სხვა დანიშნულებით.

ბოლო მონაცემებით, დედამიწის ქერქში კიდევ 70 550 ტონა ოქროა, რომელიც მოპოვებაც ეკონომიკურად მომგებიანი იქნება. ყველაზე მეტი ასეთი ოქრო არის რუსეთში, ავსტრალიასა და სამხრეთ აფრიკაში, თუმცა 2024 წელს ყველაზე მეტი ოქრო მსოფლიოში ჩინეთმა მოიპოვა.

სპეციალისტები ასევე დედამიწის ქერქში მიმოფანტულ ოქროს გამოყოფენ, რომლის მოპოვებაც პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან 1 ტონა ქანზე 0,004 გრამი ოქრო მოდის, თუმცა ეს მარაგი ჯამში 441 მილიონ ტონას შეადგენს.

როდესაც დედამიწა ფორმირდებოდა, იმ დროს არსებული ოქროს უმეტესი ნაწილი თავისი სიმკვრივის გამო პლანეტის ბირთვში ჩაიძირა, - განუცხადა გამოცემა Live Science-ს ელექტრონულ წერილში მადნის საბადოთა გეოლოგმა და ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის მკვლევარმა, კრის ვოიზიმ. მისი თქმით, დანარჩენი ელემენტები პლანეტაზე ე.წ. „გვიანი მძიმე დაბომბვის“ პერიოდში (4.1 მილიარდიდან 3.8 მილიარდ წლამდე) მოხვდა, როდესაც დედამიწას მეტეორიტები ინტენსიურად ეჯახებოდნენ. ვოიზის თქმით, სწორედ მაშინ აღმოჩნდა პლანეტაზე ის ოქრო, რომელსაც დღეს გეოლოგები და რესურსებზე მომუშავე ექსპერტები ქანებში პოულობენ. ეს ოქრო ბირთვში არ ჩასულა, რადგან იმ დროისთვის პლანეტის ქერქი უკვე გამაგრებული იყო.

მას შემდეგ, დედამიწაზე ოქროს რაოდენობა არ შეცვლილა.