რა ვიცით და რა არ ვიცით აუტიზმსა და ტკივილგამაყუჩებლებს შორის კავშირის შესახებ

ტკივილგამაყუჩებლები

რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის მთავრობამ აუტიზმთან დაკავშირებული ორი ინიციატივა გამოაცხადა. განახლდება ეტიკეტირება გავრცელებული ტკივილგამაყუჩებელ პარაცეტამოლზე, იგივე აცეტამინოფენზე, რომლითაც მომხმარებლებს გააფრთხილებს, რომ ორსულობის დროს მისმა მოხმარებამ შეიძლება გაზარდოს ბავშვებში აუტიზმისა და ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის აშლილობის (ADHD) რისკი. ამ ინიციატივების ფარგლებში, აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ASD) მქონე ზოგიერთ ბავშვებში გამოყენებისთვის ასევე დამტკიცდება პრეპარატი, სახელად ლეიკოვორინი. არცერთი ეს ნაბიჯი არ ეფუძნება მყარ სამეცნიერო დასკვნებს და სავარაუდოდ, მინიმალური გავლენა ექნებათ აშშ-ში აუტიზმის მაჩვენებლებზე.

ჯერ კიდევ აპრილში, აშშ-ის ჯანდაცვის მდივანმა რობერტ ფრენსის კენედი უმცროსმა პირობა დადო, რომ სექტემბრის ბოლომდე აუტიზმის გამომწვევ მიზეზებს დაადგენდა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე ეს ინიციატივები „აუტიზმის კრიზისთან გასამკლავებლად ისტორიულ ნაბიჯებად“ შეაფასა.

ასეთი ფორმულირება ავლენს არასწორ გაგებას ან არასწორ ინტერპრეტაციას იმისა, რაც ჩვენ აუტიზმის შესახებ ვიცით. არ არსებობს კრიზისი — აუტიზმის მაჩვენებლები სწრაფად გაიზარდა 1980-იან წლებში, რადგან გაფართოვდა ამ მდგომარეობის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები. გასული რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, აუტიზმის დიაგნოზის ზრდას ხელი ასევე შეუწყო მისი სიმპტომების ცნობიერების და ამოცნობის უფრო მაღალმა დონემ.

რაც შეეხება მდგომარეობის მიზეზს, ძალიან პატარაა მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ დამნაშავე პარაცეტამოლია. მართლაც არსებობს მრავალი კვლევა, რომელიც ვარაუდობს, რომ ორსულობის დროს პარაცეტამოლის გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ბავშვებში აუტიზმის რისკი. 46 კვლევაზე ჩატარებულმა ბოლოდროინდელმა ანალიზმა აჩვენა, რომ 27-მა მათგანმა გამოავლინა მნიშვნელოვანი კავშირი ორსულობისას პარაცეტამოლის გამოყენებასა და ბავშვებში აუტიზმის მსგავსი ნეიროგანვითარებითი მდგომარეობის მაღალ რისკს შორის. თუმცა, მხოლოდ ის, რომ არსებობს კავშირი, არ ნიშნავს იმას, რომ პარაცეტამოლი აუტიზმს იწვევს — საქმეში შეიძლება სხვა ფაქტორები იყოს ჩართული.

სხვა კვლევებს წინააღმდეგობრივი დასკვნები აქვს დადებული. მაგალითად, 2024 წელს თითქმის 2,5 მილიონ ბავშვზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, აუტიზმის ოდნავ მაღალი რისკი ორსულობისას პარაცეტამოლის მიღების შემთხვევაში. თუმცა, მას შემდეგ, რაც პარაცეტამოლის ზემოქმედებაგამოვლილი ბავშვები შეადარეს მათივე დედმამიშვილებს, რომლებიც ზემოქმედების ქვეშ არ ყოფილან, ეფექტი გაქრა.

„მნიშვნელოვანი იყო ოჯახური ისტორია და არა პარაცეტამოლის გამოყენება. კვლევამ აჩვენა, რომ ნებისმიერი აშკარა ზღვრული ზრდა ორსულობაში პარაცეტამოლის მოხმარების შედეგად, მაშინვე ქრება, როცა ანალიზები ითვალისწინებს ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორებს, როგორიც არის გენეტიკა, რომელიც ათწლეულობით მიმდინარე კვლევების თანახმად, ამ მდგომარეობის ძირითადი ხელშემწყობი ფაქტორია“, — ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევარი დიმიტრიოს სიასაკოსი.

პრესკონფერენციაზე ტრამპმა თქვა, რომ ორსულმა ქალმა პარაცეტამოლის ან ტემპერატურის დროს პარაცეტამოლი არ უნდა მიიღოს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ „ვეღარ უძლებს“ და „მეტი ინფორმაციისთვის ექიმებს უნდა მიმართონ“. თუმცა, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) პრესრელიზში აღიარა, რომ პარაცეტამოლსა და აუტიზმს შორის მიზეზობრივი კავშირი დადგენილი არ არის და ექიმებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში აღნიშნა, რომ პარაცეტამოლი რჩება ფართოდ ხელმისაწვდომ ყველაზე უსაფრთხო ტკივილგამაყუჩებლად ორსულობის დროს.

„ის ერთადერთი ურეცეპტო პრეპარატია, რომელიც დამტკიცებულია ორსულობის დროს ცხელების სამკურნალოდ გამოსაყენებლად. მაღალი სიცხე ორსული ქალის ნაყოფისთვის რისკს წარმოადგენს“, — წერს სააგენტო.

ორსულობის დროს მაღალი ტემპერატურა დაკავშირებულია ნაადრევ მშობიარობასთან და დეფექტებთან ნაყოფის თავის ტვინის ან ზურგის ტვინის განვითარებაში.

FDA ასევე აცხადებს, რომ პრეპარატ ლეიკოვორინს დაამტკიცებს ცერებრალური ფოლიუმის მჟავის დეფიციტის მქონე ადამიანებისათვის — მდგომარეობა, რომელიც აფერხებს თავის ტვინში ვიტამინ B9-ის შეწოვას. ზოგიერთი კვლევა მიუთითებს, რომ აუტისტი ადამიანების 40 პროცენტზე მეტს შეიძლება ასევე ჰქონდეს ეს მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს მსგავსი სიმპტომები, მათ შორის კომუნიკაციისა და სენსორული დამუშავების პრობლემები.

ლეიკოვორინი ვიტამინ B9-ის ერთ-ერთი ფორმაა და უკვე ხელმისაწვდომია ამ ვიტამინის დეფიციტის სამკურნალოდ, ასევე კიბოს გარკვეულ მედიკამენტთა გვერდითი ეფექტების სამკურნალოდ. ადრეული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ის ასევე შეიძლება აუმჯობესებდეს აუტიზმის ზოგიერთ მწვავე სიმპტომს. მაგალითად, 2016 წელს ჩატარებულ კვლევაში ლეიკოვორინის დღეში ორი დოზით უმკურნალეს ენობრივი დარღვევების მქონე 23 აუტისტ ბავშვს, 25-ბავშვიან მეორე ჯგუფს კი პლაცებოს აძლევდნენ. 12 კვირის შემდეგ, იმ ბავშვების 65 პროცენტს, რომლებიც ლეიკოვორინს იღებდნენ, აღენიშნათ კლინიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ვერბალურ კომუნიკაციაში; საკონტროლო (პლაცებოს) ჯგუფში ეს მაჩვენებელი 24 პროცენტი იყო.

თუმცა, ლეიკოვორინზე და აუტიზმზე ჩატარებული ყველა ეს კვლევა პატარა იყო და უმეტესი მათგანი მიუთითებდა მხოლოდ მოკრძალებულ გაუმჯობესებას. ამჟამად მიმდინარეობს უფრო დიდი კლინიკური ცდა, რომლის შედეგებიც მომავალ წელს გახდება ცნობილი.

„ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი ნებისმიერი მტკიცებულება უკიდურესად სავარაუდოა და ვერ ჩაითვლება დამაჯერებლად. მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატები შეიძლება ეხმარებოდეს აუტიზმის ძლიერ სპეციფიკური ასპექტების მკურნალობას, არ არსებობს მედიკამენტი ან მკურნალობის მეთოდი, რომელიც აქტიურად კურნავს ან აქრობს აუტიზმს“, — ამბობს ბრიტანეთის დარემის უნივერსიტეტის მკვლევარი მონიკ ბოთა.

განცხადების შემდეგ, აშშ-ის ჯანდაცვის სამინისტრომ კიდევ ერთ განცხადებაში დააზუსტა, რომ „მიუხედავად იმისა, რომ იმედისმომცემია, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ლეიკოვორინი არ კურნავს აუტიზმის სპექტრის აშლილობას და შეიძლება განაპირობოს მეტყველებასთან დაკავშირებული დეფიციტის გაუმჯობესება აუტიზმის მქონე ბავშვების მცირე ჯგუფში“.

ტრამპის მხარდაჭერით, კენედიმ „აუტიზმის ეპიდემიასთან“ ბრძოლა აშშ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკის ერთ-ერთ საყრდენად აქცია. ორივე მათგანმა ეს პოლიტიკური ცვლილებები მოკლე დროში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესად წარმოაჩინა. თუმცა, მეცნიერება მიუთითებს, რომ ორსულობაში ვერც პარაცეტამოლისგან თავშეკავება და ვერც ლეიკოვორინის მიღება ახდენს მნიშვნელოვან გავლენას აუტიზმზე, ისე, როგორც ამას ტრამპი და კენედი ამბობენ. სამაგიეროდ, ამ ინიციატივების ყველაზე სავარაუდო შედეგი ის არის, რომ დიდ დაბნეულობას დათესავენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და როდის ვუმკურნალოთ უსაფრთხოდ ტკივილს ან ცხელებას ორსულობის დროს.

მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით.