პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ თირკმლის კენჭებში ბაქტერიები იმალება

თირკმელები

პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ თირკმლის კენჭებში ბაქტერიები იმალება. პატარა კრისტალების ეს გაქვავებული კენჭები შედგება შარდში არსებული ქიმიური ნივთიერებებისგან და მიჩნეულია, რომ წარმოიქმნება სითხის ნაკლებობით ან მინერალებისა და ქიმიურ ნივთიერებათა მაღალი კონცენტრაციით.

მიჩნეულია, რომ ორგანიზმიდან გამოსვლის შემდეგ, თირკმლის კენჭების უმეტესობა არაინფექციურია. თუმცა, ეს შეიძლება უკვე აღარ იყოს სიმართლე.

ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის (UCLA) მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ კალციუმის ოქსალატის თირკმლის კენჭები (ყველაზე გავრცელებული ტიპი) გამდიდრებულია ბაქტერიებით.

უფრო მეტიც, შინაგან სტრუქტურის სახით, ეს კენჭები ბაქტერიების ფენებს შეიცავს.

„აღმოჩენა უმნიშვნელოვანესია და ეჭვქვეშ აყენებს დიდი ხნის მოსაზრებას, რომ ეს კენჭები მხოლოდ ქიმიური და ფიზიკური პროცესების მეშვეობით ყალიბდება; აჩვენებს, რომ კენჭებში შეიძლება ბაქტერიები იყოს და აქტიური წვლილი შეჰქონდეთ მათ წარმოქმნაში. ამ ახალი მექანიზმის აღმოჩენით, კვლევა კარს უხსნის ახალ თერაპიულ სტრატეგიებს, რომლებიც მიზანში ამოიღებს თირკმლის ქვების მიკრობულ გარემოს“, — ამბობს UCLA-ს უროლოგი კიმორა სკოტლანდი.

აღმოჩენა მიუთითებს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, როცა თირკმლის კენჭები ხელახლა ჩნდება, შეიძლება ბაქტერიული ინფექცია იყოს თირკმელებში, შარდსაწვეთში ან შარდის ბუშტში და დაავადების ხელახლა დაბრუნებაში სწორედ ამას შეჰქონდეს წვლილი.

თუკი ამ ინფექციას ვუმკურნალებთ, შეიძლება მხოლოდ ძალიან ცოტა კენჭი წარმოიქმნას.

ელექტრონული და ფლუორესცენტული მიკროსკოპის გამოყენებით, პაციენტისგან აღებულ კალციუმის ოქსალატის კენჭებში მკვლევრებმა აღმოაჩინეს ბაქტერიების სტრუქტურული და ქიმიური მტკიცებულება.

ასე აღმოჩნდა კვლევის იმ მონაწილეებშიც, რომლებსაც იმჟამად საშარდე გზების ინფექციები არ ჰქონდათ.

„ვიპოვეთ კენჭების წარმოქმნის ახალი მექანიზმი, რომლის საშუალებითაც შეიძლება ავხსნათ, რატომაა თირკმლის კენჭები ასე გავრცელებული. შედეგებმა ასევე შეიძლება ახსნას კავშირი საშარდე გზების მორეციდივე ინფექციებსა და თირკმლის ქვების მორეციდივე წარმოქმნას შორის; ასევე მოგვაწოდოს ცნობები ამ დაავადების პოტენციურ სამომავლო სამკურნალო საშუალებათა შესახებ“, — ამბობს სკოტლანდი.

თირკმლის კენჭები ცხოვრების განმავლობაში, ყოველი 11 ადამიანიდან ერთს უჩნდება; შემთხვევათა 70 პროცენტი კი დაკავშირებულია კალციუმის ოქსალატის ქვებთან.

თუკი მათ წარმოქმნაში ბაქტერიები ასრულებენ მნიშვნელოვან როლს, მაშინ საჭირო გახდება პრეპარატებისა და სახელმძღვანელოების განახლება.

კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია uclahealth.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით, რომელიც მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა