მეცნიერებმა ტიტანიკის უპრეცედენტო ციფრული რეკონსტრუქცია შექმნეს - ნახეთ კადრები

ტიტანიკი

 კვლევითმა ჯგუფმა ტიტანიკის ჩაძირვის დეტალები მის ნაშთებზე დაფუძნებული ყველაზე დეტალური ციფრული მოდელის მეშვეობით აღადგინა. ის ახალ დოკუმენტურ ფილმშია წარმოდგენილი და აჩვენებს, როგორ დაიშალა 270 მეტრი სიგრძის გემი, რომელიც ერთ დროს "ჩაუძირავად" მიიჩნეოდა. ამის მიუხედავად, 113 წლის წინ ის აისბერგს შეეჯახა და განადგურდა.

დოკუმენტური ფილმი არა მხოლოდ გემის სტრუქტურულ დაშლას ასახავს, არამედ ეკიპაჟის იმ გმირი წევრების ქმედებებსაც, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე სხვების გადასარჩენად გაწირეს. როგორც National Geographic-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, დოკუმენტური ფილმისთვის წყალქვეშა სკანირების უახლესი ტექნოლოგია გამოიყენეს, რაც 715 000 ციფრული გამოსახულების შეგროვებას გულისხმობდა. საბოლოოდ ტიტანიკის ყველაზე ზუსტი და რეალურ ზომაში აღდგენილი სამგანზომილებიანი მოდელი შეიქმნა.

ტიტანიკის პირველი და უკანასკნელი მოგზაურობა 1912 წლის 10 აპრილს საუთჰემპტონიდან (დიდი ბრიტანეთი) დაიწყო. გემი ნიუ-იორკში მიემართებოდა და ბორტზე 2 240 ადამიანი იმყოფებოდა. 14 აპრილს ის აისბერგს შეეჯახა, რადგან ეკიპაჟის მცდელობის მიუხედავად, მას გვერდი ვერ აუარა. ყინულის უზარმაზარმა მასამ გემის მარჯვენა ბორტი დააზიანა და მრავალი ნახვრეტი გააჩინა. კატასტროფამ 1 500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ტიტანიკი ატლანტის ოკეანის ფსკერზე ჩაიძირა და დღესაც 3 800 მეტრ სიღრმეზეა.

2022 წელს კომპანია Magellan-მა გემის სამგანზომილებიანი ციფრული მოდელი შექმნა, რისთვისაც ნაშთების ჰიდროლოკატორული სკანირების მეთოდი გამოიყენეს. Atlantic Productions-ის გადამღები ჯგუფი კვლევით ექსპედიციას სამი კვირის განმავლობაში მიჰყვებოდა — ეს წყალქვეშა სკანირების ისტორიაში ყველაზე მასშტაბური პროექტი იყო. მოდელის პრეზენტაცია პირველად 2023 წელს შედგა.

დოკუმენტური ფილმის ფარგლებში მეცნიერები ციფრულ რეკონსტრუქციას იყენებენ, რათა უკეთ გაიგონ, რა მოხდა რეალურად. მათ, მაგალითად, გემის კორპუსის ფრაგმენტების გაერთიანებით დაასკვნეს, რომ ის უბრალოდ შუაზე კი არ გადატყდა, არამედ მძლავრად გაიგლიჯა. ასევე აღმოაჩინეს ორთქლის ღია სარქველიც, რაც ადასტურებს მოწმეების ჩვენებებს იმაზე, რომ გემის ინჟინრები მუშაობას ჩაძირვის პროცესშიც აგრძელებდნენ. მათ საკუთარი სიცოცხლის ფასად ელექტროენერგიის შენარჩუნება და განგაშის სიგნალების გადაცემა შეძლეს.

გარდა ამისა, მეცნიერები იკვლევენ ასობით პირად ნივთს — ჯიბის საათებს, საფულეებს, სამკაულებს — რომლებიც ნანგრევებშია შემონახული და ცდილობენ, მათი მფლობელების ვინაობა დაადგინონ. ცნობისთვის, ჯეიმზ კამერონის ცნობილ ფილმ ტიტანიკში წარმოდგენილი ლურჯი ბრილიანტის ყელსაბამი, "ოკეანის გული", გამოგონილია და რეალურად იქ მსგავსი არაფერი აღმოუჩენიათ.

დღეს, 10 აპრილს, ტიტანიკის ისტორიული მოგზაურობის დაწყებიდან ზუსტად 113 წელი გავიდა. ახალი დოკუმენტური ფილმის პრემიერა კი National Geographic-ის ეთერში 11 აპრილს შედგება.