მეცნიერებმა დიაბეტთან ბრძოლის ახალ ხერხს მიაგნეს

მეცნიერებმა დიაბეტთან ბრძოლის ახალ ხერხს მიაგნეს

კანადელმა მეცნიერებმა სისხლში შაქრის დონის დაწევისა და ღვიძლის დაცვის ახალი გზა აღმოაჩინეს. როგორც ჩანს, ნაწლავის ბაქტერიების მიერ წარმოქმნილი D-ლაქტატის ორგანიზმში შეღწევამდე "დაჭერით" ზიანის შემცირება შეგვიძლია.

გამოცემა Cell Metabolism-ში გამოქვეყნებულმა ნაშრომმა შეიძლება მეტაბოლური დაავადებების მკურნალობისკენ ახალი გზა გაგვიხსნას. მისი საშუალებით შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-სა და ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების მკურნალობა შეგვეძლება.

მაკმასტერის, ლავალისა და ოტავას უნივერსიტეტების მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ნაწლავის მიკრობების მიერ გენერირებული მოლეკულა სისხლში შეღწევასა და ორგანიზმის დაზიანებას ახერხებს. იგი ღვიძლს ჭარბი გლუკოზისა და ცხიმის გამომუშავებას აიძულებს.

მეცნიერებმა ამ მოლეკულის ნაწლავშივე "დაჭერის" მეთოდი შეიმუშავეს. ამ მეთოდის გამოყენებით სიმსუქნის მქონე თაგვების სისხლში შაქრის დონის დაწევისა და ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების შემცირების მხრივ გაუმჯობესება დაფიქსირდა.

"ეს აღმოჩენა მეტაბოლიზმის გაგებას ცვლის. თითქმის ასი წელია, რაც მეცნიერებმა იციან, რომ კუნთები და ღვიძლი ერთმანეთში ენერგიის წყაროს, ლაქტატსა და გლუკოზას ცვლის. ამ პროცესს რძემჟავას ციკლი ეწოდება. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ამ ციკლში ნაწლავის ბაქტერიებიც არიან ჩართულნი", — ამბობს კვლევის ავტორი პროფესორი ჯონათან შერცერი.

1947 წელს კარლ კორისა და გერტი კორის ფიზიოლოგიასა და მედიცინის დარგში ნობელის პრემია მიენიჭათ. მათ აჩვენეს, თუ როგორ კვებავს კუნთების მიერ გამომუშავებული ლაქტატი ღვიძლს, რათა სისხლში გლუკოზა წარმოიქმნას. მათი ნაშრომის წყალობით ვიცით, თუ როგორ იყენებს კუნთები ლაქტატის ერთ-ერთ ფორმას — L-ლაქტატს.

ანადურმა ჯგუფმა აჩვენა, რომ სიმსუქნის მქონე თაგვებსა და ადამიანებს სისხლში D-ლაქტატის მომატებული დონე აქვთ. კუნთების მიერ წარმოებული და კარგად შესწავლილი L-ლაქტატისგან განსხვავებით, D-ლაქტატი ძირითადად ნაწლავის ბაქტერიებისგან მოდის. აღმოჩნდა, რომ ის სისხლში შაქრისა და ღვიძლის ცხიმის დონეს უფრო მეტად ზრდის, ვიდრე L-ლაქტატი.

ამის შესაჩერებლად მკვლევრებმა ე.წ. ნაწლავის სუბსტრატის მახე შექმნეს. ესაა უსაფრთხო, ბიოდეგრადირებადი პოლიმერი, რომელიც ნაწლავში D-ლაქტატს უკავშირდება და ორგანიზმის მიერ მის ათვისებას უშლის ხელს. თაგვებს, რომლებიც ამ პოლიმერს იღებდნენ სისხლში გლუკოზის დაბალი დონე, ნაკლები ინსულინრეზისტენტობა, ღვიძლის ანთება და ფიბროზი ჰქონდათ.

ეს ყველაფერი კი რაიმე დიეტისა და სხეულის წონის ცვლილების გარეშე.