1756378082
„თანახმა ვარ, მაგრამ აქ ხმამაღლა ნუ საუბრობ...“ - რა ისმის ფარულ ჩანაწერში, რომელიც შსს-მ გაავრცელა

120 ლარის სანაცვლოდ, კლიენტს სექსუალურ მომსახურებას მასაჟის ცენტრში სთავაზობდნენ. კადრები მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ობიექტზეა გადაღებული.
ჩანაწერი მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ფარული მასალის, რომელიც დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაასაჯაროვა. კადრებში კარგად ჩანს სქემა, რომლითაც პროსტიტუციის ხელშემწყობი პირები მოქმედებდნენ.
ირკვევა, რომ მასაჟის სალონში მისულ მამაკაცებს ადმინისტრატორი ხვდებოდა, რომელიც სექსუალური მომსახურების პირობებს და ფასებს აცნობდა. გადახდა მხოლოდ ნაღდი ფულით იყო შესაძლებელი.
"კურიერმა" დაკავებულების ვინაობაც გაარკვია, ერთ-ერთი მომღერალია, ხატია წერეთელის სახელით ცნობილი, ირმა კურტანიძე პოლიციამ გამთენიისას აიყვანა. მას ბრალად ედება პროსტიტუციის ხელშეწყობა. მომღერალი სავარაუდოდ გამოძიების მიერ გავრცელებულ ფარულ კადრებშიც ჩანს, სადაც ის სექსუალური მომსახურებისთვის მისულ კლიენტს თანხაზე ესაუბრება.
დაკავებულ მომღერალს ჰყავს ადვოკატი, რომელიც ჯერ საქმის დეტალებზე საუბარს ერიდება.
საქართველოს მოქალაქეების გარდა, დაკავებულებს შორის არიან ჩინეთის მოქალაქეებიც, ნაწილი მათგანი ამ დროისთვის დუმილის უფლებას იყენებს .
პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემისთვის დაკავებულია 12 პირი. დალუქულია 13 ობიექტი. ამოღებულია თანხაც. ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრეს.
მარჯანიშვილის, აღმაშენებლის, დადიანის და წინამძღვრიშვილის ქუჩებზე დაკავების ღონისძიებები გამთენიისას ჩატარდა. 12 პირს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.