1732386875
მეცნიერები აცხადებენ, რომ ტატუს ზოგიერთ საღებავში შესაძლოა, პოტენციური კანცეროგენები იყოს - კიბოს გამომწვევი ნივთიერებები კანში
მეცნიერები აცხადებენ, რომ ზოგიერთი საღებავი, რომელიც სხეულის მოსახატად გამოიყენება, შესაძლოა, მავნე ნივთიერებებს შეიცავდეს. მათ შორის პოტენციურ კანცეროგენებს, რომლებიც ორგანიზმში სიმსივნის განვითარებას უწყობს ხელს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
„ყოველ ჯერზე, როცა საღებავებს ვაკვირდებოდით, ისეთ რაღაცას ვპოულობდით, რაც გვაჩერებდა", — ამბობს ქიმიის ექსპერტი ჯონ შვერკი, რომელიც უკანასკნელ კვლევაში იღებდა მონაწილეობას.
ტატუს საღებავებში საშიში ნივთიერებების შესახებ სპეციალისტთა გაფრთხილებები აქამდეც გაჟღერებულა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2016 წელს ევროკომისიამ ოფიციალური ანგარიში გამოაქვეყნა. მასში საუბარია აშშ-იდან ევროპაში იმპორტირებულ პიგმენტებზე, რომლებშიც დარიშხანი, ტყვია და ბაქტერიაც კი აღმოაჩინეს.
ამის მიუხედავად, ტატუ არტისტებისთვისა და მათი კლიენტებისთვის საშიში ნივთიერებებისა თუ ელემენტების შემცველი ბრენდების შესახებ მონაცემები ცნობილი არაა. მეცნიერებმა გამოკითხვის შედეგად გამოავლინეს, რომ სვირინგის ხატვის სპეციალისტებს საღებავების შიგთავსზე ინფორმაცია არ აქვთ.
ისინი პიგმენტებისგან და გამხსნელი ხსნარისგან შედგება, რომლის მეშვეობითაც ფერები კანში უკეთ აღწევს. ავტორებმა ელექტრონული მიკროსკოპიის, მაგნიტურ რეზონანსული სპექტროსკოპიისა და სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით ერთ-ერთ საღებავში ეთანოლი დააფიქსირეს, რომელიც პროდუქტის შემადგენლობაში მითითებული არ იყო. სხვებში კი აზო აღმოაჩინეს, რომელიც თვითონ უსაფრთხოა, თუმცა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ აზოტზე დაფუძნებულ პოტენციურ კანცეროგენად გარდაიქმნება.
ასევე, ელექტრონული მიკროსკოპით შესწავლილი 16 პიგმენტიდან ნახევარში ისეთი მცირე ზომის ნაწილაკები იყო, რომლებსაც უჯრედის მემბრანაში შეღწევა და ზიანის მოტანა შეუძლია.
ავტორთა მიერ მოპოვებული მონაცემები მათ მიერ შექმნილ ვებგვერდზეა თავმოყრილი, რომელსაც "What's in My Ink" (რა არის ჩემს საღებავში) ეწოდება. ამ ინფორმაციის სანახავად. გადადით ბმულზე — http://whatsinmyink.com/