ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის დედა მიმართვას ავრცელებს
1760646757
კოსმოსში ბევრი საინტერესო და იდუმალი ფენომენი არსებობს. მათ შორისაა "უცნაური რადიორგოლი" (ORC), რომელიც გალაქტიკების გარშემო შეინიშნება. პირველად ასეთი რამ 2019 წელს აღმოაჩინეს, ახლა კი მოყვარული ასტრონომების დახმარებით მეცნიერებმა ყველაზე შორეულ და მძლავრ მსგავს ობიექტს მიაკვლიეს.
"ORC-ები ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო და ლამაზი კოსმოსური სტრუქტურებია, რომლებიც ოდესმე გვინახავს. შესაძლოა, ისინი გალაქტიკებისა და შავი ხვრელების თანაევოლუციის შესახებ ინფორმაციას ინახავდეს", — აცხადებს ანანდა ჰოტა, სამოყვარულო ასტრონომიის პლატფორმა RAD@home Astronomy Collaboratory-ის დამფუძნებელი.
ORC-ები გიგანტური ზომის მკრთალი რგოლებია, რომლებიც პლაზმისგან შედგება. ისინი ზოგიერთ გალაქტიკას აკრავს გარს და რადიოტალღებს ასხივებს. აქამდე 12-მდე ამგვარი ობიექტია აღმოჩენილი, რომელთა უმეტესობაც ჩვენს გალაქტიკაზე 10-20-ჯერ დიდია. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ უკანასკნელი მიგნება ამ უზარმაზარი სტრუქტურების ფორმირების შესახებ მეტის გაგებაში შეიძლება დაგვეხმაროს.
ეს ORC რამდენიმე მიზეზის გამოა უნიკალური. პირველ რიგში, ის არა ერთი, არამედ ორი რგოლისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს ვენის დიაგრამის მსგავსად კვეთს. ასეთი კონფიგურაციით აქამდე მხოლოდ ერთი ასეთი ობიექტი იყო დაფიქსირებული; მეორე განსაკუთრებულობა ისაა, რომ აღნიშნული სტრუქტურა აქამდე აღმოჩენილთაგან ყველაზე შორეული და მძლავრია
რადიორგოლები პირველად ინდოეთში დაფუძნებული RAD@home Astronomy Collaboratory-ის მოყვარულმა ასტრონომებმა შენიშნეს. ეს მონაცემები შემდეგ მეცნიერთა გუნდმა რადიოტელესკოპთა სისტემა LOFAR-ით შეისწავლა და მათი ავთენტურობა დაადასტურა. თავად სიგნალის წყაროს RAD J131346.9+500320 უწოდეს.
წინა კვლევებზე დაყრდნობით ვარაუდობდნენ, რომ ORC-ები ზემასიური შავი ხვრელების შეჯახებისას წარმოიქმნება, რის შედეგადაც სივრცეში ერთგვარი დარტყმითი ტალღები ვრცელდება. ამის მიუხედავად, RAD J131346.9+500320 აირის ძაფისებრი სტრუქტურის, ფილამენტის, გარშემოა. აქედან ასკვნიან, რომ შეიძლება ის შიგნით მოქცეული სპირალური გალაქტიკების ქარის მიერ იყოს ფორმირებული. ამის დასადასტურებლად დამატებითი მონაცემებია საჭირო.
მასზე დაკვირვებისას მეცნიერებმა ორი ახალი ობიექტიც დააფიქსირეს: რადიორგოლით გარემოცული, 3 მილიონი სინათლის წლის მანძილზე გადაჭიმული გალაქტიკა და მეორე გალაქტიკა, რომლის მიერ გამოყოფილი მატერიის ნაკადის ირგვლივაც რგოლია კონცენტრირებული.
ამის შესახებ ნაშრომი გამოცემაში Monthly Notices of the Royal Astronomical Society გამოქვეყნდა