იტალიაში ეტრუსკული სამარხი აღმოაჩინეს, რომელშიც 100-ზე მეტი ხელუხლებელი არტეფაქტი ინახებოდა

იტალიაში ეტრუსკული სამარხი აღმოაჩინეს

იტალიის ცენტრალურ ნაწილში აღმოაჩინეს იშვიათი, ხელუხლებელი ეტრუსკული სამარხი - ცივილიზაციის, რომელიც რომის რესპუბლიკამდე არსებობდა.

სამარხი ქვისგან არის გამოკვეთილი და პატარა სახლის ფორმა აქვს. მასში ოთხი ადამიანის ნეშტებია განთავსებული - ორი ქალის და ორი კაცის, მათ გარშემო კი 100-ზე მეტი არტეფაქტია - კერამიკა, იარაღი, ბრინჯაოს სამკაულები და ვერცხლის თმის აქსესუარები. სამარხი ძველი წელთაღრიცხვით მეშვიდე საუკუნით თარიღდება.

მიუხედავად იმისა, რომ ამ რეგიონში სხვა ეტრუსკული სამარხებიც აღმოუჩენიათ, ისინი ყველა სხვადასხვა დონეზე ძარცვის მსხვერპლი იყო. სპეციალისტების თქმით, ხელუხლებელი სამარხი მათ ეტრუსკთა სამგლოვიარო წეს-ჩვეულებების შესახებ ახალ ინფორმაციას მისცემს.

ეტრუსკული ცივილიზაცია იტალიის ცენტრალურ ნაწილში რომის რესპუბლიკის ფორმირებამდე არსებობდა. მისი აყვავების პიკი ძვ.წ. მეექვსე საუკუნეზე მოდის, შემდგომ კი ცივილიზაცია ე.წ. რომაულ-ეტრუსკული ომების შედეგად დაეცა. ძვ.წ. პირველ საუკუნეში ეტრურია ოფიციალურად რომის იმპერიას შეუერთდა.