ექსპერიმენტული მკურნალობის შედეგად კაცმა 31 წლიანი დეპრესია დაამარცხა

კაცმა 31 წლიანი დეპრესია დაამარცხა

44 წლის კაცმა, რომელსაც მკურნალობისადმი რეზისტენტული დეპრესია (TRD) ჰქონდა სიმპტომების რემისიას მიაღწია. ეს წარმატება ტვინის სტიმულაციის ექსპერიმენტული პროცედურის შედეგად დაფიქსირდა.

კვლევის ავტორები შედეგების რეცენზირებას ჯერ კიდევ ელოდებიან, მაგრამ ასეთი რთული დაავადების პირობებში ეს ნაშრომი ნამდვილად იმედისმომცემია.

პაციენტი წლების განმავლობაში ფსიქიკური დაავადებებით, მათ შორის დეპრესიითა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობით იტანჯებოდა. პირველი პანიკური შეტევები მას ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში ყოფნისას დაეწყო. მეცნიერების თქმით კაცს 31 წლის განმავლობაში დეპრესიული ეპიზოდები ყოველგვარი მკაფიო რემისიის გარეშე ჰქონდა.

მისი სამედიცინო ისტორია საკმაოდ მრავალფეროვანია — კაცმა სულ მცირე 19 განსხვავებული მედიკამენტი სცადა და ელექტროკონვულსიური თერაპია სამჯერ ჩაიტარა. ზოგადად, მკურნალობის ეს მეთოდი უმეტეს შემთხვევაში ეფექტურია, მაგრამ სამწუხაროდ ამ პაციენტში მან კოგნიტიური დაქვეითება გამოიწვია.

საბოლოოდ პაციენტს სუიციდური ფიქრები გაუჩნდა და თვითმკვლელობის მცდელობები ჰქონდა. ამის აღსაკვეთად მინესოტას უნივერსიტეტის მკვლევრებმა პაციენტი ექსპერიმენტულ კვლევაში ჩართეს, რათა ტვინის სტიმულაციის ახალი მეთოდი შეეფასებინათ.

თავდაპირველად ჩატარდა პროცესი, რომელსაც ზუსტი ფუნქციური რუკის შექმნა ეწოდება. ამ პროცესში მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია გამოიყენება, რათა პაციენტის ტვინის სპეციფიკური აქტივობის რუკა შედგეს და ტვინის სტიმულია ეფექტურად გამოიყენონ. მიღებულ მონაცემებს კვლევის ავტორები "ბრეინოტიპს" უწოდებენ.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ პაციენტის ტვინის რეგიონების ერთობლიობა, სახელად სალიანტური ქსელი, ძალიან უცნაური იყო. იგი დეტალურად ჯერ კიდევ არაა შესწავლილი და რთულია მისი ყველა ფუნქციის შეჯამება. ითვლება, რომ სალიანტური ქსელი მნიშვნელოვანი სიგნალების ამოცნობასა და რაიმეზე ყურადღების გამახვილებაში სასიცოცხლო როლს თამაშობს.

"ამ პაციენტში სალიანტური ქსელი ძალიან გაფართოებული იყო და ტვინის ქერქის ზედაპირის 12.4%-ს ფარავდა. ეს მაჩვენებელი ჯანმრთელ ადამიანთან შედარებით ოთხჯერ დიდია", — აცხადებენ მკვლევრები.

"ბრეინოტიპის" რუკით ჯგუფმა ქირურგიული ოპერაციის ჩატარება და პაციენტში ოთხი ელექტროდის ჩამონტაჟება შეძლო. ისინი იმ უბნებში მოთავსდა, სადაც სალიანტური ქსელი ტვინის სხვა ნაწილებზე იწყებდა გავრცელებას.

ამ ოპერაციის შემდეგ ერთ-ერთი ელექტროდის სტიმულაციის დრო დადგა. საბედნიეროდ, შედეგი მყისიერი და შთამბეჭდავი იყო. პაციენტის სიტყვებით მან უსაზღვრო სიხარული იგრძნო და ბედნიერებისგან ტირილიც კი დაიწყო.

სხვა ელექტროდების სტიმულაციამ პაციენტში სიმშვიდისა და მოდუნების შეგრძნებები გამოიწვია. იყო შფოთვის შემთხვევებიც, რაც აჩვენებს, რომ ყველა შედეგი დადებითი არ იქნება და სტიმულაცია თითოეულ პაციენტს ინდივიდუალურად უნდა მოერგოს.

შედეგების ოპტიმიზაცია გუნდთან ყოველთვიური ვიზიტების დროს ხდებოდა. მკურნალობიდან შვიდი კვირის შემდეგ პაციენტის სუიციდური აზრები მთლიანად გაქრა. სტანდარტიზებული ტესტების მიხედვით ოთხ თვეში მისი ხასიათი 59%-ით გაუმჯობესდა. ეს შედეგები სულ მცირე 30 თვის განმავლობაში შენარჩუნდა. წყარო