გუბა საჯაია: წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ოპოზიციური თვითმმართველობა დისტანცირდა ცენტრალური ხელისუფლებისაგან, რითაც ზარალდება მოსახლეობა. ჩემი არჩევის შემთხვევაში, პრიორიტეტი მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა იქნება

საჯაია

ჩვენს მუნიციპალიტეტს სჭირდება ახალი ხედვა, ახალი ენერგია და პროგრესი - ახალგაზრდებს შევუქმნათ პერსპექტიული მომავალი, ხანდაზმულებს ღირსეული პირობები და თითოეულ ოჯახს საუკეთესო ცხოვრება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული ოცნების” წალენჯიხის მერობის კანდიდატმა გუბა საჯაიამ. მან ისაუბრა იმ გეგმებსა და პროექტებზე, რის განხორციელებასაც მერად არჩევის შემთხვევაში აპირებს.

მერობის კანდიდატის თქმით, საარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

„დავიბადე და გავიზარდე წალენჯიხაში, ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპი უკავშირდება წალენჯიხას. მე მიყვარს ჩემი მუნიციპალიტეტი და სწორედ ამ სიყვარულმა მიმაღებინა გადაწყვეტილება ვყოფილიყავი მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი. ვფიქრობ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ყველაზე ახლოს არის მოსახლეობასთან და ყველაზე კარგად ესმის ადგილობრივი საჭიროებები. სწორედ ამიტომ, არჩევის შემთხვევაში მომეცემა საშუალება ვიზრუნო წალენჯიხის კეთილდღეობისთვის. ჩვენს მუნიციპალიტეტს სჭირდება ახალი ხედვა, ახალი ენერგია და პროგრესი - ახალგაზრდებს შევუქმნათ პერსპექტიული მომავალი, ხანდაზმულებს ღირსეული პირობები და თითოეულ ოჯახს საუკეთესო ცხოვრება. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში აქტიურად ვხვდები მოსახლეობას. წალენჯიხაში 14 ადმინისტრაციული ერთეულიდან 11 ადმინისტრაციულ ერთეულში უკვე გავმართე შეხვედრები. უმეტესწილად, უმეტეს ადმინისტრაციულ ერთეულში გვხვდება ერთი და იგივე პრობლემა - ეს არის შიდა საუბნო გზები, რომლებიც სავალალო პირობებშია. ასევე მწვავე პრობლემა არის სასმელი წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით. რჩევის შემთხვევაში ჩვენი პრიორიტეტი იქნება, ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ გადავწყვიტოთ ეს პრობლემები.

საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. მოსახლეობა იმედის თვალით უყურებს ამ არჩევნებს, იმედი აქვთ, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა, რათა წალენჯიხის განვითარება შეიცვალოს უკეთესობისკენ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა არის ოპოზიციური, რომელიც დისტანცირდა ცენტრალურ ხელისუფლებისაგან, რითაც ზარალდება მხოლოდ და მხოლოდ მუნიციპალიტეტის მოსახლეობა. ჩემი არჩევის შემთხვევაში, ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენი პრიორიტეტი იქნება მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა, რომ ახალგაზრდებს შევუქმნათ პერსპექტიული მომავალი, შევქმნათ ხელმისაწვდომი ტრანსპორტი, შევქმნათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, განვავითაროთ ტურისტული პოტენციალი, რისი პოტენციალიც აქვს ჩვენს ულამაზეს წალენჯიხას. წალენჯიხა გავხადოთ ახალგაზრდებისთვის და არა მარტო ახალგაზრდებისთვის მიმზიდველი.

მივმართავ ჩვენს თანამოქალაქეებს: ჩემო ძვირფასო წალენჯიხელებო, მინდა დააკვირდეთ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში არსებულ ვითარებას; რიგ სახელმწიფოებში მძვინვარებს ომი და უბედურება. ჩვენი ხელისუფლების სწორი გადაწყვეტილებებით, სწორი პოლიტიკური ნაბიჯებით ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, მაგრამ მავანს არ სძინავს, ჩასაფრებულია და შესანარჩუნებელია ეს მშვიდობა. ჩვენ გავდივართ დანის პირზე. თუ არ იქნება მშვიდობა, ყოველგვარ პერსპექტივაზე, ყოველგვარ განვითარებაზე საუბარი ზედმეტია და მინდა რომ ეს კარგად გაითავისოთ. და ბოლოს მოგმართავთ ჩვენი სლოგანით: მშვიდობა საქართველოს - მეტი განვითარება წალენჯიხას“, - განაცხადა საჯაიამ.