გაზის მიწოდება 9 000 აბონენტს შეუწყდება
1782832963
საუდის არაბეთში ექიმებმა ურთულესი ოპერაციის შედეგად 2 წლის სიამის ტყუპი დები ოლივია და ჯანა წარმატებით განაცალკევეს.
ფილიპინებიდან ჩამოსულ პატარებს ქირურგიული ჩარევა მეფე აბდულას სახელობის ბავშვთა სპეციალიზებულ საავადმყოფოში ჩაუტარდათ.
ექვსსაათიანი ოპერაცია ექვს ეტაპად შესრულდა და მასში 22-კაციანი მრავალპროფილური სამედიცინო გუნდი მონაწილეობდა.
ტყუპები გულმკერდისა და მუცლის არეში ერთმანეთთან შეზრდილები დაიბადნენ. მათ იშვიათი მდგომარეობა - თორაკო-ომფალოპაგუსი - აღენიშნებოდათ, რის გამოც გულის გარსსა და ღვიძლის ნაწილს იზიარებდნენ.
ოპერაციის ხელმძღვანელის, ექიმ ალი ალ-შაჰრის განცხადებით, ქირურგიულმა ჩარევამ გართულებების გარეშე ჩაიარა.
„ამჟამად ბავშვები ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებიან. ვაკონტროლებთ სასიცოცხლო მაჩვენებლებს, სითხის ბალანსს და საჭიროების შემთხვევაში ვუზრუნველყოფთ სუნთქვის მხარდაჭერას. ასეთ შემთხვევებში პაციენტები, როგორც წესი, ინტენსიურ თერაპიას 3-5 დღეში ტოვებენ,“- განაცხადა ექიმმა.
მისივე თქმით, ოპერაციამდე ტყუპებმა ხანგრძლივი მოსამზადებელი ეტაპი გაიარეს, ხოლო მათი ამჟამინდელი მდგომარეობა სტაბილურია.
ქირურგიული ჩარევა საუდის არაბეთის სიამის ტყუპების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. ფილიპინური მედიის ინფორმაციით, ოპერაციისა და შემდგომი რეაბილიტაციის სრული ხარჯები საუდის არაბეთის მთავრობამ დაფარა.
„ბოლოს და ბოლოს დადგა დღე, რომელსაც ამდენ ხანს ველოდით. ახლა ისინი დამოუკიდებელ ადამიანებად, ნორმალური ცხოვრებით იცხოვრებენ,“- განაცხადა ტყუპების დედამ, ჯინალინ მანუელმა.
საუდის არაბეთის სიამის ტყუპების პროგრამის ფარგლებში დღემდე 70-ზე მეტი მსგავსი ოპერაციაა ჩატარებული. ოლივია და ჯანა მეოთხე წყვილია, რომლის წარმატებით განცალკევებაც სწორედ ამ სამედიცინო გუნდმა შეძლო.
სპეციალისტების შეფასებით, მსგავსი ოპერაციები მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე რთულ ქირურგიულ ჩარევად ითვლება და მათი წარმატება მაღალკვალიფიციური გუნდის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხანგრძლივი წინასწარი დაგეგმვის შედეგია.