საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების სასამართლო სხდომა გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესზე დღეს, ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს.

მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სხვადასხვა მუხლით აქვთ ბრალი წარდგენილი. მათ შორის არის საბოტაჟის, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ მოწოდების ფაქტები.

„მოწმეები სასამართლოში იკითხებიან ფაქტთან დაკავშირებით. მათ უნდა დაადასტურონ ფაქტი. სისხლის სამართლის საქმის მასალებით წარმოდგენილი არ არის ინფორმაცია, თუ რა ჩანაწერი აჩვენეს, რა ჩანაწერზე ნახეს, რა ჩანაწერი გამოიკვლიეს მოწმესთან ერთად. ასევე, ეს აქტუალური არ არის. ჩვენ ვხელმძღვანელობთ მხოლოდ და მხოლოდ მოწმის მიერ მიცემული ჩვენებით“, - აცხადებს ადვოკატი, ომარ ფურცელაძე.

განცხადება გააკეთა პროკურორმა, ანა ხუბეჯაშვილმა, რომელიც ამბობს, რომ საქმეში არის არა ერთი ვიდეო ჩანაწერი, მათ შორის პოლიტიკოსების საჯარო მოწოდებები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან.

„დავკითხეთ ბრალდების მხარის 4 მოწმე, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები, რომლებიც 2024 წლის 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე დროის შუალედში იმყოფებოდნენ საპროტესტო აქციაზე და აღწერენ აქციის ძალადობრივ ხასიათს. ასევე, აღწერდნენ კონკრეტულად ამ საქმეზე ბრალდებული პირების მოწოდებებს, რომლებიც იყო იმგვარი, რომ მათ მოწოდებებს ნებისმიერ შემთხვევაში მოჰყვებოდა აქციის მონაწილე პირების ძალადობრივი ქმედებები. ამ საქმეში არის არა ერთი ვიდეო ჩანაწერი, მათ შორის საჯარო მოწოდებები, მათ შორის პოლიტიკოსების, რომლებიც პირდაპირ კავშირშია განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან. მათ შორის, დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთმა მოწმემ ისაუბრა მამუკა ხაზარაძის მოწოდებებზე, იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული ძალადობრივი აქცია უნდა გამხდარიყო უფრო ძალადობრივი. საქმეშია მამუკა ხაზარაძის ისეთი განცხადებები წარმოდგენილი, რომელიც საჯაროდ გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე,“ - აცხადებს ანა ხუბეჯაშვილი.