დასახელდა ყოველდღიური ნივთები, რომლებზეც ყველაზე მეტი ბაქტერია ბინადრობს - როგორ დავიცვათ თავი

ყოველდღიური ნივთები

თქვენი ტელეფონი, სამზარეულოს ღრუბელი, კბილის ჯაგრისი თუ საყიდლების ურიკის სახელური — ის ყოველდღიური მოხმარების საგნებია, სადაც ბაქტერიების უხილავი არმია იმალება.

ამ მიკრობთა უმეტესობა უსაფრთხოა, ზოგიერთი პირიქით, სასარგებლოც კი, მაგრამ შესაბამის გარემოში, ზოგიერთმა მათგანმა შეიძლება სერიოზულად ავად გაგხადოთ.

თუმცა, არის ერთი მომენტი — თქვენს ცხოვრებაში ზოგიერთი ყველაზე ბინძური საგანი ისაა, რომელსაც ალბათ ყველაზე ნაკლებად წარმოიდგენდით.

გთავაზობთ ბაქტერიების რამდენიმე მაგნიტს თქვენი ყოველდღიური რუტინიდან და გეტყვით იმასაც, როგორ შეგიძლიათ ინფექციისგან თავდაცვა მარტივი ჰიგიენით.

საყიდლების ურიკის სახელურები

საყიდლების ურიკებს დღეში ათეულობით ადამიანი ეხება, მაგრამ მათი დეზინფექცია იშვიათად ხდება. ამიტომ, ის მიკრობების გამრავლების ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, თანაც დაავადებათა გამომწვევი მიკრობების.

აშშ-ში ჩატარებული ერთი კვლევის თანახმად, საყიდლების ურიკების 70 პროცენტზე მეტი დაბინძურებული აღმოჩნდა კოლიფორმული ბაქტერიებით — ჯგუფით, რომელშიც შედის ნაწლავის ჩხირიც (E. coli), რაც ხშირად დაკავშირებულია ფეკალიებით დაბინძურებასთან. კიდევ ერთმა კვლევამ, ამ ურიკებზე აღმოაჩინა Klebsiella pneumoniae, Citrobacter freundii და Pseudomonas ბაქტერიები.

თავდაცვა — საყიდლების ურიკების სახელურს გამოყენებამდე ყოველთვის დაასხურეთ სადეზინფექციო ხსნარი, განსაკუთრებით იმიტომ, რომ თქვენ ალბათ ამ დროს ეხებით საკვებსაც, ტელეფონსაც და თქვენს სახესაც.

სამზარეულოს ღრუბლები

თვენს ნიჟარებთან მოთავსებული ღრუბლები შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე ბინძური ნივთები იყოს თქვენს სახლში. ღრუბელი ფორებიანია, ნესტიანი და ხშირად არის საკვებთან კონტაქტში — იდეალური გარემო ბაქტერიების აღორძინებისთვის.

კვლევის თანახმად, სულ რაღაც ორი კვირის შემდეგ, ღრუბელში შეიძლება მილიონობით ბაქტერია გამრავლდეს, მათ შორის ფეკალურ დაბინძურებათან დაკავშირებული კოლიფორმები.

თავდაცვა — კვირაში ერთხელ მოახდინეთ სამზარეულოს ღრუბლის დეზინფექცია მიკროტალღურ ღუმელში შედებით, ძმრით გაჟღენთვით ან ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხვით. შეცვალეთ ღრუბელი, თუკი სუნი გაუჩნდა გასუფთავების შემდეგაც კი. სხვადასხვა საქმისთვის გამოიყენეთ სხვადასხვა ღრუბელი (მაგალითად, ერთი თეფშებისთვის, მეორე ნედლი ხორცის დამუშავების შემდეგ ჭურჭლის გასარეცხად).

საჭრელი დაფები

საჭრელ დაფებზე ბაქტერიები შეიძლება გამრავლდნენ დანის მიერ დატოვებულ ნაკაწრებში. სალმონელა და ნაწლავის ჩხირი მშრალ ზედაპირებზე საათობით ძლებენ და რისკს წარმოადგენენ, თუკი დაფები სათანადოდ არ გაასუფთავეთ.

თავდაცვა — გამოიყენეთ სხვადასხვა დაფა ხორცისთვის და ბოსტნეულისთვის. გარეცხეთ ცხელი, საპნიანი წყლით, გაწურეთ და ბოლომდე გააშრეთ. გამოცვალეთ დაფა, რომელსაც უკვე ღრმა ღარები აქვს.

ჩაის ტილოები

მრავალჯერადი გამოყენების სამზარეულოს ტილოები სწრაფად ხდება მიკრობთა მაგნიტები. თქვენ მათ იყენებთ ხელების გასამშრალებლად, ზედაპირების გასაწმენდად და დაღვრილი სითხეების გასაწმენდად და ამ დროს, მათ არც ისე ხშირად რეცხავთ.

კვლევები აჩვენებს, რომ ქსოვილის ტილოებში ნაწლავის ჩხირი და სალმონელა საათების განმავლობაში ცოცხლობენ.

თავდაცვა — როდესაც კი შესაძლებელია, გამოიყენეთ ქაღალდის ტილოები ან სხვადასხვა ტილო სხვადასხვა საქმისთვის. რეგულარულად რეცხეთ ტილოები ცხელი წყლითა და ქლორით ან სადეზინფექციო ხსნარით.

მობილური ტელეფონები

ტელეფონები ყველგან თან დაგვაქვს, სააბაზანოშიც კი, თანაც გამუდმებით ვეხებით. სითბო და ხშირი შეხება მათ იდეალურ ადგილად აქცევს ბაქტერიული დაბინძურებისთვის.

კვლევები აჩვენებს, რომ ტელეფონებზე ბინადრობენ საზიანო ბაქტერიები, მათ შორის Staphylococcus aureus-ი.

თავდაცვა — არ გამოიყენოთ ტელეფონი საპირფარეშოში და ხშირად დაიბანეთ ხელები. გაწმინდეთ ოდნავ ნესტიანი მიკროფიბრა ტილოთი და მსუბუქად საპნით. არ გამოიყენოთ ძლიერი ქიმიური ნივთიერებები და პირდაპირი მისხურება.

კბილის ჯაგრისები ტუალეტთან ახლოს

ტუალეტის ჩარეცხვა მიკროსკოპული წვეთების ჭავლს წარმოქმნის, რომელიც შეიძლება ახლომდებარე კბილის ჯაგრისებზე მოხვდეს. კვლევის თანახმად, სააბაზანოში მოთავსებულ კბილის ჯაგრისებზე შეიძლება მოხვდეს ნაწლავის ჩხირი (E. coli), სტაფილოკოკი (Staphylococcus aureus) და სხვა მიკრობები.

თავდაცვა — შეინახეთ კბილის ჯაგრისი უნიტაზიდან რაც შეიძლება შორს. წყალი კარგად გაავლეთ ყოველი გამოყენების შემდეგ, მოათავსეთ თავით ზემოთ და გამოცვალეთ ყოველ სამ თვეში ერთხელ ან მაშინვე, როგორც კი გაცვდება.

აბაზანის ხალიჩები

აბაზანის ქსოვილის ხალიჩები ყოველი შხაპის შემდეგ იწოვს წყალს, წარმოიქმნება თბილი, ნესტიანი გარემო, სადაც ბაქტერიები და სოკოები ყვავიან.

თავდაცვა — ყოველი გამოყენებისა შემდეგ, აბაზანის ხალიჩები გასაშრობად ჩამოკიდეთ და კვირაში ერთხელ გარეცხეთ ცხელი წყლით. უფრო ჰიგიენური ვარიანტია ხის ხალიჩა ან სააბაზანოს ქვა — საფენი, რომელიც დამზადებულია დიატომიტისგან, სწრაფად შრება და შესაბამისად, მცირდება მიკრობთა ზრდის შანსი.

შინაურ ცხოველთა პირსახოცები და სათამაშოები

შინაურ ცხოველთა პირსახოცები და სათამაშოები დიდხანს რჩება ნესტიანი და კონტაქტშია ნერწყვთან, ბალანთან, შარდთან და გარე სივრცის ბაქტერიებთან. აშშ-ის ეროვნული ჯანდაცვის სააგენტოსა და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ცხოველების სათამაშოებზე შეიძლება იყოს ბაქტერიები — E. coli, Staphylococcus aureus და Pseudomonas aeruginosa.

თქვენი და თქვენი ცხოველის თავდაცვა — მათი პირსახოცები კვირაში ერთხელ გარეცხეთ ცხოველებისთვის უსაფრთხო სარეცხი საშუალებით. გააშრეთ სათამაშოები ჰაერზე ან ფენით. რეგულარულად გამოცვალეთ გაცვეთილი და დაზიანებული სათამაშოები.

ფრჩხილის და თავის მოვლის საზიარო ინსტრუმენტები

ფრჩხილის საჭრელები, ნუნების მოსაცილებლები და მოვლის სხვა საშუალებები შეიძლება ბაქტერიების გავრცელების მიზეზი გახდეს, თუკი სათანადოდ არ გაასუფთავებთ. დამაბინძურებლებს შორის შეიძლება იყოს Staphylococcus aureus-ი, მათ შორის ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული შტამი MRSA, მწვანე ფრჩხილების სინდრომის გამომწვევი ბაქტერია Pseudomonas aeruginosa და ბაქტერია Mycobacterium fortuitum-ი, რომელიც დაკავშირებულია პედიკურისა და ფეხის აბაზანების შედეგად კანის ინფექციებთან.

თავდაცვა — წაიღეთ სალონში საკუთარი ხელსაწყოები ან იკითხეთ, არის თუ არა მათი ხელსაწყოები სტერილური. კარგი რეპუტაციის მქონე სალონები დიდი სიამოვნებით აგიხსნიან მათი ჰიგიენის ნორმებს.

ნივთების ჩასაწყობი უჯრები აეროპორტში უსაფრთხოების შემოწმებისას

ამ ნივთებს დღეში ასეულობით ადამიანი ეხება და მაინც იშვიათად წმენდენ. კვლევებმა მათ ზედაპირზე ბევრი ბაქტერია აღმოაჩინა, მათ შორის, ნაწლავის ჩხირი.

თავდაცვა — უსაფრთხოების შემოწმების გავლის შემდეგ, ხელები დაიმუშავეთ სადეზინფექციო ხსნარით, განსაკუთრებით ჭამამდე ან სახეზე შეხებამდე.

სასტუმროს ტელევიზორის პულტი

კვლევების თანახმად, სასტუმროს ტელევიზორის პულტი შეიძლება უნიტაზზე უფრო ბინძური იყოს. მათ მრავალი ხელი ეხებათ და იშვიათად უტარებენ დეზინფექციას.

მათზე არსებულ ბაქტერიებს შორის აღმოჩნდა E. coli, enterococcus და Staphylococcus aureus-ი, მათ შორის, ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული MRSA.

თავდაცვა — სასტუმროს ნომერში შესვლისას, ტელევიზორის პულტი ანტიბაქტერიული ხელსახოცით გაწმინდეთ. ზოგიერთი სტუმარი მას ცელოფნის პარკშიც ათავსებს. ყოველთვის დაიბანეთ ხელები საზიარო ნივთების გამოყენების შემდეგ.

ბაქტერიები ყველგან არის, მათ შორის ნივთებზე, რომლებსაც ყოველდღიურად იყენებთ. ყველა მიკრობს თავს ვერ აარიდებთ და თანაც, მათ უმეტესობა ავად არ გაგხდით. თუმცა, რამდენიმე კარგი ჩვევით, როგორიცაა თუნდაც ხელების რეგულარულად დაბანა, გასუფთავება და ჭკვიანურად შენახვა, დაგეხმარებათ საკუთარი თავის და სხვების დაცვაში.

 

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.