1734811100
ომში, სოხუმის დედათა მონასტერთან დატრიალებული სასწაული, რომელსაც ემოციების გარეშე ვერ წაიკითხავთ
ეს ამბავი აფხაზეთის ომის დროს მოხდა, სოხუმი უკვე თითქმის აღებული იყო, როდესაც მისი დედათა მონასტერი მტრისგან აწიოკებას ელოდა. დედებს, მტრისგან შეურაცხყოფა რომ აერიდებინათ, გადაწყვეტილი ჰქონდათ, როდესაც მონასტრის აოხრება დაიწყებოდა, თავი მოეკლათ. მონაზვნები ღვთისმშობელს მთელი ღამის მანძილზე სთხოვდნენ მფარველობას...
აი, თუ რა მოხდა იმ საოცარ ღამეს, წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის იღუმენია ელისაბედ ზედგინიძემ, წლების წინ უამბო გადაცემა - "პროფილს".
მონაზონი ელისაბედ ზედგინიძე: მე მაშინ სამონაზვნე მელანია ვიყავი. სოხუმის დედათა მონასტერში ვმსახურობდი. სოხუმი თითქმის დაკარგვის პირას იყო. გარკვეული პერიოდი შერიგება დამყარდა. ჩვენებს პირობა ჰქონდათ შესრულებული და ჯარი გაყვანილი გვყავდა. თუმცა, ამ შერიგების დროს, მტერმა მოულოდნელად დაბომბვა დაიწყო. სამასი ჯარისკაცით იყო დარჩენილი გენო ადამია, რომელთა შორის 20 წლამდე ბავშვები იყვნენ. დაიწყო საშინელი დაბომბვა. ავედით მონასტრის რეზიდენციის სახურავზე და ვხედავთ, რომ მტერი ბაზართანაა მოსული და ხდება საშინელება, მოხუცებს აუპატიურებდნენ, შეურაცხყოფდნენ, აცვამდნენ კამერებს და ცეცხლს უკიდებდნენ. შიშველ ხალხს საქონელივით ერეკებოდნენ. ზუსტად ათ წუთში იგივე გველოდა.
პატრიარქმა იქ რომ გაგვგზავნა ქვეშეცნეულად ვფიქრობდით, რომ სიკვდილი ახლოს იქნებოდა. ასე თუ ისე მზად ვიყავით, რომ ღვთისთვის და სამშობლოსთვის თავი გაგვეწირა. მაგრამ შეურაცხყოფისთვის მზად არ აღმოვჩნდით. ადამიანური კუთხით მზად არ ვიყავით. მიუხედავად იმისა, რომ თვითმკვლელობა მიუტევებელი ცოდვაა, გაგვახსენდა "ბაში აჩუკი", როგორ ხტებოდნენ დედები შუამთის დედათა მონასტრის გალავნიდან, როდესაც მონასტერს აწიოკებდა მტერი. დავფიქრდით და ვთქვით, მოდით, ვილოცოთ და თუ არაფერი გამოვიდა, ჩავკეტოთ ჭიშკარი და სანამ ისინი მას გახსნიან, ჩვენ ასვლას და გადმოხტომას მოვასწრებთო.
ვიყავით ოთხნი: დედა თეოდორა, ბოდბის იღუმენია, მონაზონი აღათია, მორჩილი თამარი (ახლა უკვე დედა თამარი, ბოდბის მონასტერში მოღვაწე) და მე. ვინაიდან საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, მის სახელზე დავიწყეთ ლოცვა. ავიღეთ სხვადასხვა ღვთისმშობლის სალოცავ-სავედრებელი, პარაკლისი, დაუჯდომლები.
ღამეა; ჩვენ მორიგეობით ვლოცულობთ. ათ წუთში ერთხელ, ერთ-ერთი ჩვენგანი ადის და ამოწმებს, გარეთ რა ხდება?! ზუსტად იმ ადგილას, რაც ჩვენგან ჩანს მიმდინარეობს საშინელი სამკვდრო-სასიცოცხლო ომი. ღამის თევა ხშირი გვქონდა სოხუმის მონასტერში, მაგრამ ბოროტი ძალის შემოტევა იმდენად დიდი იყო, რომ ხან ერთი დავვარდებოდით ძირს, ხან - მეორე. ოთხივე ერთმანეთს უწყვეტ ლოცვაში ვენაცვლებოდით. თითქოს ყველაფერი ამოვწურეთ და ფსკვნილზე იესოს ლოცვა დავიწყეთ ხმამაღლა, ოთხივემ ერთად...
ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გარდაიცვალა
1734898872