პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ააიპ „სოფლის განვითარების სააგენტო“ 2019 წლიდან მთავრობის შესაბამისი დადგენილების საფუძველზე, ფიზიკური პირების და ინდივიდუალური მეწარმეების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად თანადაფინანსებას ახორციელებდა. პროექტის მიხედვით, სახელმწიფო კისრულობდა ზემოაღნიშნული ტექნიკის შეძენის ღირებულების თანაგადახდას მაქსიმუმ 50%-ის ფარგლებში, არაუმეტეს 150 000 ლარისა.

„ხსენებული პროგრამით სარგებლობისთვის, ბენეფიციარს სააგენტოში უნდა წარედგინა ტექნიკის მიმწოდებლის მიერ გამოწერილი ინვოისი, თავისი თანამონაწილეობის თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, კერძო აუდიტორული დასკვნა ბენეფიციარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესახებ, რის შემდეგაც სოფლის განვითარების სააგენტო, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად გამიზნულ თანამონაწილეობის თანხას ურიცხავდა ბენეფიციარს.

ხსენებული პროექტის ფარგლებში გამოყოფილი სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, ბრალდებულებმა 2021 წლიდან ჩამოაყალიბეს შეთანხმებულად მოქმედი სტრუქტურული ფორმის მქონე დანაშაულებრივი ჯგუფი.

ამ მიზნით, 2021-2024 წლების პერიოდში, ბრალდებულებმა თანადაფინანსების მისაღებად, სხვადასხვა ბენეფიციარის სახელით მრავალჯერადად მიმართეს ააიპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ და წარუდგინეს ყალბი ინვოისები, სასაქონლო ზედნადებები, ტექნიკის მიღება-ჩაბარების აქტები და აუდიტორული დასკვნები. წარდგენილი ყალბი დოკუმენტების საფუძველზე სააგენტომ ბრალდებულებს მათივე გამგებლობაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად გამოყოფილი თანადაფინანსების თანხა - 826 815 ლარი ჩაურიცხა. სინამდვილეში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს არანაირი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა არ შეუძენიათ, სააგენტოსგან მიღებულ დიდი ოდენობით თანხებს კი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და ურთიერთშორის გაინაწილეს.

ორგანიზებული ჯგუფის თორმეტივე წევრი დაკავებულ იქნა სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 210-ე და 362-ე მუხლებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება - გამოყენება და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება - გამოყენება) წარედგინათ. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 7- დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გრძელდება გამოძიება ზემოაღნიშნული პროგრამის ფარგლებში მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენისა და ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების მხილების მიზნით“, - აცხადებენ საქართველოს პროკურატურაში.