ჩერნობილის ძაღლები სხვა ძაღლებისგან გენეტიკურად განსხვავდებიან - კვლევა

ძაღლები

ახალმა კვლევამ  ასობით ძაღლი შეისწავლა, რომლებიც ჩერნობილის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. კვლევამ აღმოაჩინა, რომ რადიაციას ძაღლების გენეტიკაზე ზემოქმედება მოუხდენია. ისინი ახლა მსოფლიოს სხვა ძაღლებისგან განსხვავდებიან.  ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ჩერნობილის ბირთვული კატასტროფის შემდეგ, 1986 წლის 26 აპრილს, დაახლოებით 120 000 ადამიანი ცხოვრობდა მიმდებარე მხარეში. ისინი იძულებული გახდნენ სახლები მიეტოვებინათ. თუმცა, ადამიანებისგან განსხვავებით ქალაქი ყველა ძაღლს არ დაუტოვებია და ისინი იქ ახლაც ცხოვრობენ.

ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერები ცდილობდნენ უფრო ღრმად გაეგოთ ჩერნობილის ირგვლივ მცხოვრები ძაღლების უჩვეულო პოპულაციები გარემოს მკაცრი დაბინძურების ფონზე.

2017-2019 წლებში ძაღლების შეგროვებული სისხლის ნიმუშების დახმარებით მათ გენეტიკურად გააანალიზეს 302 მთგანი. ისინი რადიაციის ცენტრიდან 15-დან 45 კილომეტრამდე დაშორებით ცხოვრობდნენ.

ჩერნობილთან ახლოს მცხოვრები ძაღლების დნმ-ის დათვალიერებით ცხადი გახდა, რომ ისინი გენეტიკურად განსხვავდებოდნენ მსოფლიოს სხვა ძაღლებისგან, რაც მკვლევრების აზრით არის მაიონებელი გამოსხივების შედეგი.

საერთო ჯამში, ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს პოპულაცია შეიცავს ძაღლებს, რომლებიც უნიკალური არიან სხვა ძაღლებთან შედარებით. ასევე ნათელია, რომ ისინი მოძრაობენ სხვადასხვა ადგილებში და თავისუფლად ჯვარდებიან ერთმანეთთან.

„ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევაში არის ის, რომ ჩვენ შევისწავლეთ ჩერნობილში მცხოვრები ძაღლების დნმ. მათი დნმ-ის პროფილის დათვალიერებით შეგვიძლია გავიგოთ როგორები არიან ეს ძაღლები", - განუცხადა IFLScience-ს ელეინ ოსტრანდერმა, კვლევის ავტორმა და NIH-ის ადამიანის გენომის ეროვნული კვლევის ინსტიტუტის გენეტიკოსმა.

უახლესი მონაცემებით, 800-მდე ძაღლი შეიძლება ცხოვრობდეს ჩერნობილის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის ძალიან დაბინძურებულ ტერიტორიებზეც.

ახლა ამ კვლევამ აჩვენა, რომ შესაძლებელია განვასხვაოთ ჩერნობილის ძაღლების სხვადასხვა პოპულაციები. მკვლევრები იმედოვნებენ გაიგონ რა ეფექტი აქვს ამ განსხვავებებს ჯანმრთელობაზე, გარეგნობასა და ქცევაზე. მკვლევრების თქმით, ამას შეუძლია მეტი გვითხრას გენეტიკურ მუტაციებზე, რომლებიც ეხმარება ცხოველებს გადარჩენაში რადიაციის პირობებში.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ კვლევა საწყის ეტაპზეა და ის აუცილებლად გაგრძელდება. მათი თქმით, ამან შეიძლება გენეტიკის სფეროს ბევრი შესძინოს.