1745863963
არქეოლოგებმა ეგვიპტელი პრინცის სამარხს მიაკვლიეს - ნახეთ რა აღმოაჩინეს მასში

არქეოლოგებმა ეგვიპტეში 4400 წლის წინანდელი სამარხი აღმოაჩინეს, რომელსაც ცრუ კარი აქვს. მაშინ სჯეროდათ, რომ ის "სულების შეღწევას ან იქიდან მათ გაღწევას" ხელს შეუშლიდა. იქ პრინცი უსერიფრე, მეფე უსერკაფის შვილია, დაკრძალული. მამამისი მეხუთე დინასტიის დროს ქვეყანას დაახლოებით ძვ.წ. 2465 -2458 წლებში მართავდა.
ცრუ კარზე უსერიფრეს შესახებ წერია, რომ ის ორი რეგიონის "მემვკიდრე პრინცი", "მსაჯული", "მინისტრი" და "მმართველი" იყო, ასევე "სანაქებო ქურუმი". მეცნიერების თქმით, აქამდე მის არსებობაზე არც იცოდნენ და ვარაუდობენ, რომ პრინცის სახელში "რე" ეგვიპტურ მზის ღვთაება რა-ს უკავშირდება.
კარი ვარდისფერი გრანიტისგანაა დამზადებული და მისი სიმაღლე 4.5 მეტრია, ხოლო სიგანე 1.2 მეტრს შეადგენს. დასაწყისში ხსენებული რწმენის გამო ძველეგვიპტურ სამარხებში ასეთი ცრუ კარები გავრცელებული იყო. ექსპერტები ამბობენ, რომ მისი ზომა და მასალა, რომლითაც შეიქმნა, გასაოცარია. მათი თქმით, საკარაში აქამდე ასეთი კარი არ იყო აღმოჩენილი, მისი შთამბეჭდავი ზომა თუ შეფერილობა კი პრინცის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
იმ პერიოდში ეგვიპტეში მსგავს კარებს უფრო კირქვისგან ამზადებდნენ, რომელიც უხვად მოიპოვებოდა. ვარდისფერი და წითელი გრანიტი ქალაქ ასუანიდან მოჰქონდათ, ამიტომ ის უფრო ძვირად ღირებული იყო და სამეფო ან მაღალი ფენის წარმომადგენლების სამარხებისთვის გამოიყენებოდა. კართან ახლოს სწორედ წითელი გრანიტის შესაწირის მაგიდას მიაგნეს, რომელზეც საკვებს ტოვებდნენ იმ რწმენით, რომ მკვდარი ადამიანი მას როგორღაც შეჭამდა. რეალურად, ამ საკვებს დაკრძალვაში მონაწილე ქურუმები და მათი ოჯახები მოიხმარდნენ.
სამარხის შესწავლით დადგინდა, რომ 26-ე დინასტიის დროს ის ხელმეორედ გამოიყენეს. ამ პერიოდში იქ ფარაონ ჯოსერის, მისი ცოლისა და შვილების ქანდაკება განათავსეს. ის ეგვიპტეს მესამე დინასტიის დროს მართავდა და საკარაში პირველი პირამიდაც მან ააშენა. ქანდაკების მახასიათებლების მიხედვით, შესაძლებელია, ის ამ პირამიდიდან იყოს გადმოტანილი, მაგრამ მიზეზი უცნობია. მასთან ერთად იმავე პერიოდის სხვა ქანდაკებასაც მიაკვლიეს.
ეს მნიშვნელოვანია, რადგან მესამე დინასტიიდან ძალიან ცოტა ასეთი არტეფაქტია მოღწეული, განსაკუთრებით ქალის გამოსახულებით. სამარხში გათხრები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და პრინცის სარკოფაგი ჯერჯერობით არ აღმოუჩენიათ.