ადამიანის ფორმის მინირობოტი, „ციხიდან" თავის დასაღწევად თხევადი ხდება - ნახეთ ვიდეო

რობოტი

მეცნიერებმა, უხერხემლო ცხოველების, ჰოლოთურიების (ზღვის კიტრების) შთაგონებით, შექმნეს მინირობოტები, რომელთაც დროის მოკლე მონაკვეთში მყარიდან თხევად მდგომარეობაში გადასვლა შეუძლია. ფორმის სწრაფ ცვლილებასთან ერთად, მათ მაგნიტურობა და ელექტროგამტარობაც გამოარჩევს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ტრადიციული მყარი რობოტებისგან განსხვავებით, ეს ე.წ. რბილი რობოტექნიკაა. ასეთი ობიექტები ძალიან ელასტიკური, მაგრამ სუსტია, მათი მოძრაობის გაკონტროლება კი ძნელია. სპეციალისტთა თქმით, თხევად მდგომარეობაში გადასვლის შესაძლებლობა ამ პრობლემებს ხსნის და მოწყობილობათა ფუნქციურობასაც ზრდის.

ახალ მატერიას "მყარ-თხევად ფაზაში გარდამავალი მაგნიტოაქტიური მექანიზმი" ეწოდება. მასში მოთავსებულია მაგნიტური ნაწილაკები გალიუმისა, რომელიც დნობის ძალიან დაბალი ზღვრის (29.8°C) მქონე ლითონია. მათი მეშვეობით მინირობოტი მაგნიტური ველის ცვლილებაზე რეაგირებს და ცხელდება, რათა დადნეს. ნაწილაკები მას მოძრაობაშიც ეხმარება.

სხვა ამგვარ მასალებს ასეთ ფორმაში გადასასვლელად სითბოს ცალკეული წყარო სჭირდება, თანაც მსგავსი ხარისხის თხევადობაც არ ახასიათებს. ავტორებმა მინირობოტების ეფექტიანობაც შეამოწმეს. აღმოჩნდა, რომ მაგნიტური ველის წყალობით ის წინასწარ განსაზღვრული მიმართულებით მარტივად გადაადგილდება და საჭიროების შემთხვევაში, შუაზეც კი იყოფა.

ერთ-ერთ ექსპერიმენტში, რომლის ვიდეოც ზემოთაა ნაჩვენები, ის გისოსებიდან თავის დასაღწევად დადნა და მიზნის მიღწევის შემდეგ პირვანდელ მყარ ფორმას დაუბრუნდა.

ახლა ავტორები ცდილობენ, რომ ამ მინირობოტებს პრაქტიკული დანიშნულება მოუძებნონ როგორც სამხედრო სფეროსა და ინჟინერიაში, ასევე მედიცინაში. მაგალითად, მისი დახმარებით შესაძლებელია, პაციენტის მუცლიდან უცხო სხეული ამოვიღოთ.