ძმის მარცხის შემდეგ, ალექსანდრე თოფურია მიმართვას ავრცელებს
1781522507
ადამიანები ერთადერთი პრიმატები არიან, რომლებსაც ნიკაპი აქვთ, თუმცა მეცნიერები დღემდე ვერ თანხმდებოდნენ, რატომ ჩამოყალიბდა ეს უნიკალური ანატომიური მახასიათებელი. ახალი კვლევის მიხედვით, შესაძლოა, ნიკაპს საერთოდ არ ჰქონდეს კონკრეტული დანიშნულება და ის ევოლუციის ერთგვარი „გვერდითი პროდუქტი“ იყოს.
ნიუ-იორკის ბუფალოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა 532 ადამიანისა და თანამედროვე მაიმუნების სხვადასხვა სახეობის თავის ქალა შეისწავლეს. მათი მიზანი იყო გაერკვიათ, ნიკაპი ბუნებრივი გადარჩევის შედეგად კონკრეტული ფუნქციის შესასრულებლად ჩამოყალიბდა თუ სხვა ევოლუციური ცვლილებების თანმდევი შედეგია.
წლების განმავლობაში მეცნიერები სხვადასხვა ვერსიას განიხილავდნენ. ზოგი ფიქრობდა, რომ ნიკაპი ღეჭვის პროცესში ყბას ამაგრებს, ზოგი კი ვარაუდობდა, რომ ის მეტყველებას ან სქესობრივ შერჩევას უკავშირდებოდა. თუმცა ახალი კვლევის შედეგები სხვა სურათს აჩვენებს.
მკვლევართა შეფასებით, ადამიანის ნიკაპის ფორმირებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა იმ ცვლილებებმა, რომლებიც ჩვენს წინაპრებს ვერტიკალური პოზის, უფრო დიდი ტვინისა და შედარებით პატარა კბილების ჩამოყალიბებისას განუვითარდათ. დროთა განმავლობაში სახის ზედა ნაწილი უკან გადაიწია, ქვედა ყბა კი უფრო წინ გამოჩნდა, რამაც ნიკაპის ფორმირება გამოიწვია.
კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ნიკაპი შეიძლება ე.წ. „სპანდრელი“ იყოს — მახასიათებელი, რომელიც სხვა ევოლუციური ცვლილებების შედეგად წარმოიშვა და არა იმიტომ, რომ ბუნებრივ გადარჩევას მისი განვითარება პირდაპირ სჭირდებოდა.
მეცნიერების თქმით, ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევოლუცია ყოველთვის კონკრეტული მიზნისკენ მიმართული პროცესი არ არის. ზოგჯერ სხეულის ერთი ნაწილის ცვლილება სრულიად ახალ და მოულოდნელ მახასიათებელს წარმოშობს. კვლევა სამეცნიერო ჟურნალ PLOS One-ში გამოქვეყნდა.