500 მილიონი წლის ნამარხი მიუთითებს, რომ ობობები პირველად ოკეანეში გაჩნდნენ

ობობები პირველად ოკეანეში გაჩნდნენ

ობობების განსაკუთრებულმა თავის ტვინმა ჩამოყალიბება შეიძლება ოკეანეში დაიწყო, დიდი ხნით ადრე, ვიდრე მათი წინაპრები მიწაზე ამოცოცდებოდნენ.

არიზონის უნივერსიტეტის, ლიკომინგის კოლეჯისა და ლონდონის სამეფო კოლეჯის მკვლევართა მიერ 500 მილიონი წლის ნამარხზე ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა თვალშისაცემი მსგავსებები წყლის გადაშენებულ ფეხსახსრიანებისა და თანამედროვე არაქნიდების (ობობასნაირნი) თავის ტვინს შორის.

აღმოჩენა საკამათოა ობობებისა და მათი ნათესავების ევოლუციური წარმოშობის შესახებ გავრცელებული მოსაზრების თვალსაზრისით.

დღეისათვის ობობები, მორიელები და ტკიპები ხმელეთის ცხოველები არიან; გაბატონებულია შეხედულება, რომ ეს არაქნიდები ჩამოყალიბდნენ ხმელეთის ბინადარი საერთო წინაპრისგან.

ცალკე გამოცანაა, როგორ და საიდან გაჩნდა ეს წინაპარი. ხმელეთის არაქნიდები ენათესავებიან ოკეანის ბინადარ ქელიცერიანებს — ზღვის ობობებსა და ნალისებრ კიბორჩხალებს, მაგრამ ნამარხების ნიმუშები ძლიერ არაერთგვაროვანია.

„ჯერ კიდევ დიდი დებატების საგანია, სად და როდის გამოჩნდნენ არაქნიდები პირველად, რა სახის ქელიცერიანები იყვნენ მათი წინაპრები და იყვნენ თუ არა ისინი წყლის ან წყალხმელეთები, მაგალითად, ნალისებრი კიბორჩხალები“, — ამბობს არიზონის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერი ნიკოლას შტრაუსფელდი.

ზღვიდან ხმელეთზე გადასვლა პატარა არსებისთვის დიდი ნაბიჯია, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ფეხი აქვს მას.

არაქნიდის უძველესი, აღიარებული ნაშთები 430 მილიონი წლის წინანდელ არაქნიდს ეკუთვნის, მორიელს, რომელიც ხმელეთზე ბინადრობდა. თუმცა, ახალი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ არაქნიდებმა, როგორც მთლიანობამ, სხვა ქელიცერიანებისგან გამოყოფა ამაზე დიდი ხნით ადრე დაიწყეს.

გარეგნულად, Mollisonia symmetrica შეიძლება დიდად არ ჰგავდეს ობობას. წააგავს ე. წ. აბისებრ ხოჭოს (Armadillidiidae), აქვს ბევრი პატარა ფეხი და წარსულში მიიჩნეოდა, რომ ის ნალისებრი კიბორჩხალების წინაპარია.

სინათლის მიკროსკოპის გამოყენებით, მკვლევრებმა გადაიღეს ნამარხის ცენტრალური ნერვული სისტემა, რამაც სრულიად აუხსნელ აღმოჩენამდე მიიყვანა.

Mollisonia-ს ნერვული სისტემა არ წააგავს ნალისებრი კიბორჩხალას, კიბოსნაირთა ან სულაც მწერების ნერვულ სისტემას. მისი რადიალურად განლაგებული სხივების მქონე ნერვული ცენტრების სქემა უკუღმა იყო შებრუნებული, არაქნიდის მსგავსად.

„არაქნიდის თავის ტვინი ამ პლანეტაზე არცერთ სხვა თავის ტვინს არ ჰგავს“, — განმარტავს შტრაუსფელდი.

Mollisonia-ს ნამარხში, უნიკალური ნერვული სისტემა ნერვული ბოჭკოებით უზრუნველყოფს მრავალ ფეხს, ასევე პირის ორ, მარწუხის მსგავს ნაწილს, სადაც თანამედროვე ობობებს ახლა ეშვები აქვთ.

„ეს გახლავთ დიდი ნაბიჯი ევოლუციაში, რომელიც როგორც ჩანს, არაქნიდებისთვის ექსკლუზიურია. თუმცა, Mollisonia-ში უკვე აღმოვაჩინეთ ტვინის დომენები, რომლებიც შეესაბამება ცოცხალ სახეობებს…“, — ამბობს ლონდონის სამეფო კოლეჯის ევოლუციური ნეირომეცნიერი ფრენკ ჰირთი.

როგორც ჩანს, საქმე დამთხვევასთან არ უნდა გვქონდეს. შემდეგი სტატისტიკური ანალიზის შედეგად, ჰირტმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ სავარაუდოდ, არაქნიდებს Mollisonia-ს მსგავსი სტრუქტურები შემთხვევით კი არ განუვითარდათ, არამედ ეს უფრო მემკვიდრეობითი იყო.

თუ მკვლევართა ჯგუფი მართალია, გამოდის, რომ Mollisonia არაქნიდების ხაზის სათავეშია, ანუ არის ნალისებრი კიბორჩხალების და ზღვის ობობების და.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მაინც სპეკულაციურია, შესაძლოა, Mollisonia-ს ხაზში ნანახი ტვინის სტრუქტურა მოგვიანებით მის მემკვიდრეებს ხმელეთზე გადარჩენაში დაეხმარა.

მაგალითად, ნერვულმა „შორთქათებმა“ ფეხებსა და ეშვებზე, შეიძლება გააადვილა კომპლექსურ მოძრაობათა კონტროლი და კოორდინირება, მაგალითად, სიარული და აბლაბუდას ქსოვა.

„შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ Mollisonia-ს მსგავსი არაქნიდი ასევე ადაპტირდა ხმელეთზე ცხოვრებაზე, მისი ყოველდღიური საკვები კი ადრეული მწერები და მრავალფეხიანები გახდნენ“, — ვარაუდობს შტრაუსფელდი.

ალბათ ის ხმელეთის ყველაზე ადრეული არაქნიდი იყო, რომელმაც პირველად აიძულა მწერები ფრთების და შესაბამისად, ფრენის განვითარებისკენ — ან იქნებ პირიქით, მფრინავმა მსხვერპლმა განაპირობა აბლაბუდას ევოლუცია.

ოკეანის ფსკერიდან ხის კენწერომდე, ნამდვილად შესაშურია, როგორ მოერგნენ არაქნიდები დროის ცვალებადობას.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.