„ვფიქრობ, „პრაიმ ჰაუსში“ ყველა ქალის სათქმელი ვთქვი...“ - მერსი სულხანიშვილი

მერსი

ჟურნალისტი მერსი სულხანიშვილი საზოგადოების მხრიდან ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს სოციალურ ქსელში პოსტით პასუხობს.

„primehouse.r2 - ჩემი მონაწილეობის შესახებ ბევრი კითხვა მომდის და ახლა, ყველას საჯაროდ გიპასუხებთ:

„პრაიმ ჰაუსში“ შევედი, რადგან საოცრად მენატრებოდა ტელევიზია, ჩემი ძირითადი საქმიანობა. გადაწყვეტილების მიღებაში განსაკუთრებული როლი ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“, პროექტის შემქმნელებმა და მაყურებლების ნოსტალგიამ გაიმარჯვა.

ჩემი მიზანი პრიზის მოპოვება არ ყოფილა, რომელიც ჯერჯერობით, ისევ უცნობია. ვფიქრობ, „პრაიმ ჰაუსში“ ყველა ქალის სათქმელი ვთქვი - მაქსიმალურად ვეცადე, ქალთა მიმართ ბულინგი დამეგმო, ქალებისთვის მეჩვენებინა, რომ სოლიდარობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ისე დავტოვე პროექტი, რომ არცერთი მოწოდება არ გამიკეთებია, ჩემთვის დაერეკათ. უხერხულია, ამ გაჭირვებულ საზოგადოებაში იმ მინიმალური თანხის ხარჯვის თხოვნაც კი, რაც ზარი ღირს. ამ თანხით სიკეთე ვაკეთოთ მეგობრებო!

რაც შეეხება ჩემს მიერ კოსტასთვის მხარდაჭერას, ეს ბევრმა სწორად ვერ გაიგო. ჩათვალეს, რომ ამით თქვენს გულებში ქულებს ვიწერდი, თუმცა უკვე გარეთ მყოფი, გულწრფელად გეუბნებით, რომ ახალგაზრდა ბიჭისთვის, რომელიც უმნიშვნელოვანეს პროცესს გადის, ის მაგალითი და იმედის მომცემია მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანებისთვის, ამიტომ მას პროექტი სჭირდება და საზოგადოების ნაწილს ის - პროექტში. ამიტომ, მოგებას ვუსურვებ მას მთელი გულით.

თქვენ კი, როცა სუპერ წარმატებული რეალითი შოუს „პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონი დაანონსდება, აუცილებლად სცადეთ, შედით და დაიმსახურეთ ხალხის სიყვარული, კრიტიკოსებს კი გაძლიერებისთვის მადლობა გადაუხადეთ. იქ ბევრი საინტერესო მონაწილე და ძალიან მაგარი სატელევიზიო გუნდი დაგხვდებათ. წარმატებები თქვენ და პროექტს!“ - წერს მერსი სულხანიშვილი.