"ციფრით რომ ვიაზრებ, რამდენი წლის ვარ, გული მისკდება. აღარ ვითვლი, აღარ მაინტერესებს" - რამდენი წლის გახდა ეკა მამალაძე

eka

ეკა მამალაძე 63 წლის გახდა. როგორც "პრაიმტაიმის" მკითხველს უყვება, უყვარს საკუთარი დაბადების დღე. ამ დღეს ყოველთვის აღნიშნავს, აცხობს ტორტს და ყველას, ვისაც სურვილი აქვს, შინ ელოდება.  

ეკა მამალაძე: ახლა მე და ნანი თეატრალურ საღამოზე მივდივართ, შემდეგ უკვე სახლში ველოდები მეგობრებს. ვგიჟდები, ისე მიყვარს ჩემი დაბადების დღე. მოულოდნელ სტუმრებს ველოდები. ვცდილობ ყოველთვის გადავიხადო. ტორტი გავაკეთე, ფორთოხლის და მარწყვის. საერთოდ, მე ვამზადებ ხოლმე თითქმის ყველაფერს.

განწყობა? ყველა ადამიანს, შინაგანად, ჰგონია, რომ ახალგაზრდაა. ციფრით რომ ვიაზრებ, გული მისკდება. 60-ის ზევით აღარ ვითვლი, 63-ის ვარ თუ 64-ის ვხდები, ვეღარ ვხვდები. აღარ მაინტერესებს და არ ვითვლი. შინაგანად 45 წლის ვიქნები, ალბათ. კარგი ასაკია.

რასაც ვგეგმავ, არ გამომდის. ამიტომ აღარაფერს აღარ ვგეგმავ. კონკრეტიკას ვერიდები, არ მიყვარს. მომავლის კი არ მეშინია, არ მიყვარს დაგეგმვა. მივყვები ცხოვრებას, ოღონდ ჩემი პატარა სურვილებით.

- კმაყოფილი ხართ განვლილი ცხოვრებით?

- რა თქმა უნდა. ყოველი დღით ბედნიერი ვარ. რაც ასაკში შევდივარ, უფრო ვრწმუნდები, რომ კარგია ცხოვრება. ასაკში შესვლაც კარგია. ხარ თვითდამკვიდრებული, არ გეშინია რაღაცების. ფიზიკურად თავს უნდა მიხედო, რომ კარგად იყო და ირგვლივ ოჯახის წევრებზეც იზრუნო. ვცდილობ, ჩემი პრობლემები თავს არ მოვახვიო სხვებს.

- ძლიერი ხართ?

- ჰო, რა ვიცი. ასე ვფიქრობთ (იცინის). ვცდილობ, რაღაცებზე არ გავღიზიანდე და გამომდის. სამწუხაროა, რომ საზოგადოებაში ნეგატივი წინ წამოვიდა, მაგრამ ვცდილობ, სოციალურ ქსელში არ ჩავერთო ამ პოლემიკებში. თუ გარჩევებში არ შეხვალ, არც შენ გახდები ამ ნეგატივის ნაწილი. ჰოდა, მეც ასე, არავითარ შემთხვევაში არ ვუერთდები იმ ქაოსს, რაც სოციალურ ქსელში ტრიალებს. ნეგატივს ვირიდებ. ვხედავ, ემოციებს ვერ თოკავენ და გაღიზიანებულები მეტს წერენ. არ არის საჭირო. თავს ვიკავებ... ადამიანებს კი, პირიქით, თვითდამკვიდრება სურთ და ფიქრობენ, მათი აზრი მნიშვნელოვანია.

- ახლახან ინდოეთში იყავით. რამ მოგხიბლათ?

- ტაჯმაჰალმა. ბედნიერი ვიყავი, ხელი შევავლე ამ საოცრების ქვებს... საინტერესო ქვეყანაა, სანახავი ბევრია. ძალიან მოეწონათ ჩემი სიმღერა "მიპასუხე, მითხარი". რატომღაც ისე გაგიჟდა ამ სიმღერაზე ინდოელი მსმენელი, რომ დიდი ოვაციებით შემხვდნენ. აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.