"თემა ძალიან სენსიტიურია... ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი“ - ზურა ხაჩიძე „ღამის პრაიმ-თაიმის“ მომავალ გადაცემაზე

ზურა ხაჩიძე

10 მაისს, „ღამის პრაიმ-თაიმის“ ეთერი საზოგადოებაში ყველაზე აქტუალურ თემას, ჯადოებსა და მეოცე საუკუნის ჯადოქრებს ეძღვნება.

თემა ძალიან სენსიტიურია, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი ბევრ კითხვაზე მიიღებს პასუხს. რამდენად რეალურია ესა თუ ის მეთოდი, რომელსაც რიგითი მოქალაქეები „პრობლემის მოსაგვარებლად“ მიმართავენ და ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ამ პირებს დახმარებას ჰპირდებიან.

რას გაიგებს მაყურებელი ამ გადაცემიდან, ამ თემაზე ერთ-ერთ წამყვანს, ზურა ხაჩიძეს ვესაუბრეთ. 

როგორც მომღერალი და ტელეწამყვანი ამბობს, ჯადობაზობა და მსგავსი საშინელებები საზოგადოებაში საკმაოდ აქტუალურია. 

"როცა ეს გადაცემა იგეგმებოდა, ჩვენი გუნდის მიზანი იყო, ძალიან ფრთხილად მივდგომოდით, რადგან განსაკუთრებულად საფრთხილო თემაა, თუმცა რეალობა ისაა, რომ ჯადობაზობა და მსგავსი საშინელებები ჩვენს საზოგადოებაში საკმაოდ აქტუალურია. ამიტომაც გადავწყვიტეთ მაგიის შესახებ გადაცემის მომზადება. 

ცალსახად მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ამის პროპაგანდას არ ვეწევით. ამიტომაც, სტუდიაში სასულიერო პირი, მამა ლევანი (ალადაშვილი) იმყოფებოდა, რათა იმ ადამიანებისთვის აეხსნა, რამდენად საშიშია ჯადოებთან და ჯადობაზებთან ურთიერთობა, ვინც მაგებს მიმართავს. 

ამ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, ჩვენც მათი წევრები ვართ და ამ საზოგადოებაში ჯადობაზობა აქტუალურია და ვინც რაციონალურად აზროვნებს, გადაცემის ყურებისას სწორ ანალიზს გააკეთებს.  

მე პირადად, არ მჯერა იმ მაგების, ვინც ამბობს, რომ ე.წ. პაციენტებს ეკლესიაში გზავნიან და პირიქით - სასულიერო პირები მრევლს გამოსალოცად მაგებთან ამისამართებენ. დარწმუნებული ვარ, საქართველოში არცერთ ეკლესიაში, არცერთი სასულიერო პირი თავის მრევლს მკითხავებთან და ჯადობაზებთან არ გაგზავნის, რადგან საბედნიეროდ, გვყავს ისეთი მამები და რამდენიმე ეპისკოპოსი, ვინც კურთხევით კვეთებულის ლოცვებს კითხულობს და ეხმარებიან მათ, ვისაც გამოლოცვა სჭირდება. 

დარწმუნებული ვარ, მაგები, ვინც ეკლესიას ამოფარებულნი არიან, ერთგვარ ხრიკს მიმართავენ, რათა მათთან მისასვლელი გზა ფიქრის ეტაპზე მყოფ ადამიანებს გაუმარტივონ, ეს ერთგვარი რეკლამაა... 

რაც შეეხება იმას, რომ გადაცემის ჩანაწერი, როგორც მოგვიანებით მემონტაჟემ აღმოაჩინა, 666-ით დამთავრდა, ეს ნამდვილად პასუხია ყველა იმ კითხვაზე, რაც საზოგადოებაში არსებობს ჯადოებთან მიმართებაში. ჩვენ, ადამიანები სირთულეებში პასუხებს ვეძებთ, ამ დროს, ამ მაგალითზეც ძალიან მარტივად შეიძლება რაციონალური დასკვნა გავაკეთოთ. ჩვენ საზოგადოებას ეკრანებიდან სარკეში ვანახებთ, რა ხდება ჩვენს ირგვლივ და სინამდვილეში, რა უნდა ხდებოდეს..." - ამბობს ზურა ხაჩიძე. 

რუსთავი 2-ში, გადაცემა "ღამის პრაიმ-თაიმი" ეთერში თემით -  "არსებობს თუ არა ჯადო ?" 10 მაისს, 22:00 საათზე გავა.