შონ პენმა უკრაინის გერბის ტატუ გაიკეთა

შონ პენი

მსახიობმა შონ პენმა, რომელიც უკრაინისადმი მხარდაჭერას უწყვეტად გამოხატავს, კიევში ბოლო ვიზიტისას უკრაინის გერბის, სამკაპის ტატუ გაიკეთა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბლოგერი სერგეი ლიშენკო წერს:

"შონ პენი უკრაინაში უკვე მეცხრედ ჩამოვიდა სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან. 2022 წელს აქ ჩამოსვლა ტრენდული იყო და მსურველთა რიგიც იდგა, 2025 წელს კი აქ მხოლოდ ჭეშმარიტი მეგობრები ჩამოდიან, რომლებიც უკრაინულ მიწასთან და ჩვენს ხალხთან ნამდვილ კავშირს გრძნობენ. ახლა [შონ პენს] სამახსოვროდ სამკაპის ტატუ ექნება, რომელიც ფრონტზე დაიხატა. მადლობა ყველაფრისთვის, შონ!" — წერს ლიშენკო. 

ჰოლივუდის ვარსკვლავი უკრაინის მხარდასაჭერად უკვე წლებია, იბრძვის. 2022 წლის ნოემბერში, პენმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის თავისი ერთ-ერთი ოსკარის ქანდაკება გადასცა. ეს ჟესტი მსახიობმა უკრაინის გამარჯვების რწმენის სიმბოლოდ მოიხსენია. შეხვედრისას პენმა აღნიშნა:

"ეს უბრალოდ სიმბოლური, სულელური რამეა, მაგრამ თუ ვიცი, რომ ჯილდო თქვენთანაა, თავს უკეთესად და საკმარისად ძლიერად ვიგრძნობ ბრძოლისთვის. როცა გაიმარჯვებთ, დააბრუნეთ მალიბუში." 



პენმა სამსახიობო ოსტატობისთვის მოპოვებული ჯილდო უკრაინას ომის დასრულებამდე გადასცა, როგორც მისი გამარჯვების რწმენის სიმბოლო.

მისი ჰუმანიტარული საქმიანობა უკრაინაში მხოლოდ სიმბოლური ჟესტებით არ შემოიფარგლება. ის აქტიურად მუშაობს ჰუმანიტარულ დახმარებაზე, მათ შორის ლვოვში ლტოლვილთა ბანაკებში, სადაც მისი ორგანიზაცია CORE ადგილობრივ ხელისუფლებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ჰუმანიტარულ პროგრამებს ახორციელებს.