„ქვეყნის განვითარებაში ჩემს წვლილს შევიტან...“ - რას საქმიანობს „პრაიმ ჰაუსის“ შემდეგ გიორგი პაპავა

გიორგი პაპავა

„პრაიმ ჰაუსის“ მე-4 სეზონის ფინალისტის და ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილის გიორგი პაპავას ცხოვრებაში სიახლე და ახალი გამოწვევებია, ამ ყველაფრის შესახებ ის „პრაიმტაიმს“ უყვება

- გიორგი, უკვე რამდენიმე კვირა გავიდა, რაც ,,პრაიმ ჰაუსი” დასრულდა, რა მოგცა ამ პროექტმა?

- „პრაიმ ჰაუსი“, ფაქტობრივად, ერთი თვის წინ დასრულდა და ამ პროექტმა საკმაოდ ბევრი რამ მომცა, პირველ რიგში, ხალხის სიყვარული, რომელსაც თითოეულ ნაბიჯში ვგრძნობ. ასევე მომცა საშუალება, რომ საკუთარი თავისთვის შემეხედა გვერდიდან, რომელმაც მომცა დაკვირვების საშუალება, რაც თვითგანვითარების გზაზე მყოფს საკმაოდ დამეხმარა, მომხსნა უამრავი კომპლექსი და მასწავლა კამერებთან მუშაობა, არ ვიცი, კიდევ რამდენი რამის ჩამოთვლა შემიძლია გავაგრძელო, მაგრამ საბოლოოდ, „პრაიმ ჰაუსმა“ ძალიან ბევრი ღირებული რამ მარგუნა.

- ,,პრაიმ ჰაუსის” დასრულების შემდეგ, საკმაოდ აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნდი, ამ ეტაპზე რას აკეთებ?

- დიახ, „პრაიმ ჰაუსის“ შემდეგ ძველებურ აქტიურ ცხოვრებას დავუბრუნდი. ჩემთვის „პრაიმ ჰაუსი“ იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება, მაგრამ დროა, განვაგრძო გზა ჩემი მიზნებისკენ და ამისთვის უკან მოხედვის დრო არ მრჩება. დიდი სურვილი მაქვს, რომ ამჟამინდელი ცნობადობა და საზოგადოების მხრიდან მიღებული ნდობის ფაქტორი, გამოვიყენო დადებითად და ამ ყველაფრის გენერირება მოვახდინო სასიკეთო საქმეში, რომლის მეშვეობითაც, ქვეყნის განვითარებაში ჩემს წვლილს შევიტან, პარალელურად კი, ვტკბები ცხოვრებით და ვაგრძელებ/ვგეგმავ მოგზაურობას, ვინაიდან მოგზაურობა არის ჩემთვის რელაქსაციის და ძალების აღდგენის პირველი საშუალება.

- როგორც ვიცი, ახალგაზრდული თემის გააქტიურება დაიწყე და NGO გააკეთე, ამის შესახებ რომ მოგვიყვე...

- დიახ, ახლახან დავაარსე ახალგაზრდული ორგანიზაცია OFG (Organizations of the future generation), რომლის მთავარი მიზანია, საქართველოში ახალგაზრდების გააქტიურება და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება, როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ. ახალგაზრდობა არის ძალა, რომელზეც ყოველთვის იდგა და იდგება ქვეყნის განვითარება, ამიტომ, ამ ეტაპზე, უკვე განვახორციელე რამდენიმე 100-კაციანი ბანაკი, სადაც ახალგაზრდებს ჩაუტარდათ ტრენინგები სხვადასხვა თემაზე. შემდეგი ტრენინგები გვექნება 16-17-18 თებერვალს, ბაკურიანში. ასევე, უკვე აქტიურ ფაზაში შევედით და გამოგვიჩნდნენ პარტნიორი კომპანიები გერმანიის სხვადასხვა ქალაქიდან, რომლის დახმარებითაც ჩავუშვებთ სტუდენტური დასაქმების 3-თვიან პროგრამებს, 6-თვიან სტაჟირებებსა და გაცვლით პროგრამებს სხვადასხვა უნივერსიტეტში, ასევე ქართველ ახალგაზრდებს დავეხმარებით გერმანიაში პროფესიული განათლების მიღებაში, რომელიც ცნობილია როგორც „აუსბილდუნგის”.

პარალელურად, ვმუშაობთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საიდანაც ,იმედია, მივიღებთ დაფინანსებებს, რათა უამრავი საინტერესო და სასარგებლო პროექტი შევთავაზოთ ქართველ ახალგაზრდებს.

- თქვენს ორგანიზაციაში მოსახვედრად რა არის საჭირო?

- ჩვენი ორგანიზაცია სულ რაღაც ორი კვირის დაარსებულია, ამიტომ ჩვენი კარი ნებისმიერი მიზანდასახული ახალგაზრდისთვის ღიაა, ამისათვის საჭიროა გამოგვყვნენ OFG-ის „ინსტაგრამ“ გვერდზე, თვალი ადევნონ სიახლეებს და დაინტერესების შემთხვევაში, მოგვწერონ პირადში.

- სამომავლოდ რას აპირებ, თუ გაქვს გეგმები გაგვიმხილე...

- მოკლევადიან მიზნებში ვგეგმავ და ვმუშაობ OFG-ის განვითარებაზე, ასევე წლის ბოლომდე აუცილებლად მინდა ჩავუშვა ემიგრანტებისთვის განკუთვნილი პლატფორმა elchi.ge, რომლის შესახებაც არაერთხელ დავაანონსე მედიაში, მაგრამ არსებული პროექტი მოიცავს საკმაოდ დიდ მატერიალურ და ადამიანურ რესურსს, რაც სპონსორების გარეშე თითქმის შეუძლებელია. OFG-ის განვითარების შემდეგ კი ვფიქრობ, ბევრად გამიმარტივდება ემიგრანტებისთვის განკუთვნილი პლატფორმის დღის სინათლეზე გამოტანა.

როგორც უკვე აღვნიშნე „პრაიმ ჰაუსისგან“ მიღებული გამოცდილების, სანდოობის და ცნობადობის გამოყენებას ვაპირებ, რომ სწორი გზა მივცე ხალხისთვის სასიკეთო საქმეების განხორციელებაში, ამ საქმით ვფიქრობ ყველა იმ ადამიანს დავუფასებ შრომას და ამაგს, რომლებიც ყოველთვის გვერდში მედგნენ ჩემი „პრაიმ ჰაუსში“ მონაწილეობის განმავლობაში.

ასევე გადაინტერესებთ:

Exclusive: „ისეთი გეგმები მაქვს, რაც საზოგადოებაში ბევრ კითხვის ნიშანს დაბადებს...“ - გიორგი პაპავა ახალგაზრდა ელჩობასა და ემიგრაციაზე

როგორ გამოიყურებოდა გიორგი პაპავა წლების წინ - ნახეთ ფოტოები