"პირველად გავსინჯე დათვის ხორცი. მწყემსებმა მომართვეს. სასწაული გემო ჰქონია" - ნახეთ, სად რა არდადეგები მოიწყო მარინა დარასელიამ

lamara

ზუგდიდის დრამატული თეატრის მსახიობმა, მარინა დარასელიამ, რომელსაც ფართო საზოგადოება "ჩემი ცოლის დაქალებიდან" ლამარას როლით იცნობს, შვებულება წალენჯიხის რაიონის კურორტ სქურში გაატარა და როგორც "პრაიმტაიმს" უყვება, იქაურობით აღფრთოვანებულია. მსახიობი მარიამობის დღესასწაულზე მამათა მონასტერში ეზიარა, ბერების მომზადებული ელარჯი დააგემოვნა და პირველად გასინჯა დათვის ხორცი...

ენატრება ლამარას როლის თამაში და იმედოვნებს, რომ ჩცდ გაგრძელდება, ინტუიცია ასე მკარნახობსო. 

მარინა დარასელია: სულიერად დავისვენე სქურში. სულ ტყეში ვიყავი. ზღაპარ ადგილასაა სქურის ფერისცვალების მამათა მონასტერი. ძალიან მაღალზეა. ოთხი წელია იქ დავდივარ, ვიცნობ იქაურ მოძღვრებს. მარიამობას ღამისთევის წირვა-ლოცვას დავესწარი და ვეზიარე. წარმოიდგინეთ, დილაუთენია, 4-ის ნახევარზე რომ ტრაპეზზე დაჯდები! აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი. 

მერე მონასტრის მამებმა ელარჯზე დამპატიჟეს... საოცარი დღეები იყო.

სახლშიც, სადაც ვისვენებდი, ისე დამხვდნენ და ისეთი მასპინძლობა გამიწიეს, გეგონება იქ დავიბადე და გავიზარდე. დიდი სიყვარული ვიგრძენი.

პირველად გავსინჯე დათვის ხორცი. სასწაული გემო ჰქონია. უგემრიელესია. მწყემსებმა მომართვეს. სულ ზემო მთიდან ჩამოაქვთ. საოცარია ამათი მთის ყველიც. ძალიან მაღალზეა, ტელეფონიც არ იჭერს.

მოკლედ, ისეთი სიამოვნება მივიღე, იქიდან წამოსვლა არ მინდოდა. 

2 ოქტომბერს ზუგდიდის თეატრის მთელი დასი, კინომსახიობთა თეატრის სცენაზე ლაშა შეროზიას სპექტაკლს ვთამაშობთ - "ნოველები ცხოვრებიდან - "დიგი დიგი ბუმ ბუმ პულსი პულსი". გელოდებით.