Oxford-AstraZeneca კოვიდვაქცინის შემქმნელის თქმით, მომავალი პანდემიები, შესაძლოა, კორონავირუსზე მომაკვდინებელი იყოს

სარა გილბერტი

Oxford-AstraZeneca-ს კოვიდვაქცინის ერთ-ერთი შემქმნელის, პროფესორი სარა გილბერტის თქმით,  მომავალი პანდემიები, შეიძლება, COVID-19-ზე უარესი იყოს. ამიტომ, მათთან გასამკლავებლად   მეტი ფინანსების მობილიზებაა საჭირო. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

„ეს არ იქნება ბოლო შემთხვევა, როდესაც ვირუსი საფრთხეს უქმნის ჩვენს სიცოცხლესა და საარსებო საშუალებებს. სიმართლე ისაა, რომ შემდეგი ვირუსი, შეიძლება, უარესი იყოს. იგი, შესაძლოა, იყოს უფრო გადამდები ან უფრო მომაკვდინებელი, ან ორივე ერთად", - განაცხადა მან.

მისი თქმით, ომიკრონის ვარიაციაში იყო მუტაციების შემცველი ცილა, რომელიც მას უფრო გადამდებს ხდიდა. ამდენად, ვაქცინებით ან სხვა ვარიაციებით გამომუშავებული ანტისხეულები, შეიძლება, ნაკლებად ეფექტიანი იყოს ომიკრონის ამ ვარიაციის თავიდან ასარიდებლად.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავს გაფრთხილებებს აკეთებენ საჯაროდ. 2022 წლის დასაწყისში ბილ გეიტსმაც აღნიშნა, რომ კოვიდის გართულების რისკები მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა მალე, შესაძლოა, კიდევ ერთი პანდემია გავრცელდეს.