„მან მეორე ოჯახი შექმნა და ვფიქრობ, იმ პერიოდიდან შევიცვალე...“ - გულახდილი ინტერვიუ კრისტი აბაკუმოვასთან

კრისტი

სატელევიზიო რეიტინგების ლიდერი, სოციალური მედიის ეპოქის ყველაზე წარმატებული შოუ „პრაიმ ჰაუსი“ ყოველკვირეულად ახალ-ახალ რეკორდს ამყარებს. „პრაიმტაიმმა“ მონაწილეების უკეთ გაცნობის მიზნით, გადაწყვიტა, მათთან ბლიცინტერვიუ ჩაეწერა.

ამჯერად, რამდენიმე კითხვით „პრაიმ ჰაუსის“ ერთ-ერთ გამორჩეულ მონაწილეს, კრისტი აბაკუმოვას მივმართეთ.

- მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

- დედას მეორედ დაოჯახებამ შემცვალა. ბავშვობიდან სხვანაირი მახსოვს ჩემი თავი, იმის მერე - სხვანაირი. უფრო დაკომპლექსებული გავხდი, ჩემს თავში დარწმუნებული აღარ ვიყავი, რაც დღემდე მომყვება. როგორ წინსვლასაც უნდა ვხედავდე და ვგრძნობდე, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს არ ვიმსახურებ. დედას არაფერში ვადანაშაულებ, მან მაქსიმალური გააკეთა ჩემთვის და ყველაზე მეტად მიყვარს ამ სამყაროში.

- ვერასდროს წარმოვიდგენდი...

- დღეს „რუსთავი 2-ში“ ვიქნებოდი და ამდენი ადამიანი გაიცნობდა. მინდოდა ყოველთვის, მაგრამ არ მჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო. 

- ცხოვრება, რომ თავიდან იწყებოდეს...

- უფრო დავაფასებდი იმ ადამიანებს, რომლებიც დავკარგე. სხვანაირად მოვიქცეოდი, ნაკლებად იმპულსური და ემოციური ვიქნებოდი. 

- სტიმულს მაძლევს...

- სტიმულს ჩემი თავი მაძლევს და მაძლიერებს. რამდენადაც დაკომპლექსებული შეიძლება ვიყო, სარკეში რომ ვიყურები, საკუთარ თავს ვეუბნები, არა, ძლიერი უნდა იყო! „პრაიმ ჰაუსში“ უფრო თავდაჯერებული გავხდი და ჩემი თავი უფრო შევიყვარე.

- გეგმა, რომელიც ჯერ ვერ განვახორციელე...

- ძალიან მინდა, მქონდეს ისეთი სამსახური, რომელიც სულით და გულით მეყვარება.  მსგავს ადგილზე აქამდე არ მიმუშავია. ვმუშაობდი, რომ ხელფასი მქონოდა. ჩემი ოცნებაა, ტელევიზიაში ვიმუშაო, თუნდაც, სახალისო შოუს წამყვანის, ან თანაწამყვანის პოზიციაზე.

- პირველი სიყვარულის ისტორია...

- მაშინ 18 წლის ვიყავი, ვმეგობრობდით, შემდეგ ერთმანეთი მოგვეწონა, შეგვიყვარდა და 6 წელი ერთად ვიყავით. ძალიან მიყვარდა.  სათანადოდ არ ვაფასებდი ადამიანს, ისე, როგორც საჭირო იყო... მან მასწავლა, თუკი ადამიანი გიყვარს, შენი ემოციების გამო, არ უნდა დაკარგო.

- ვერასდროს ვიქნებოდი...

- მოღალატე;

- მეშინია...

- პანიკური შიში მაქვს გულისრევის... ძალიან მეშინია. 8 წელია არ დამმართვია, მაგრამ რომ მახსენდება, ძალიან მეშინია.

- რჩევას ვიღებ...

- რჩევას დედაჩემისგან ვიღებ, ჩემი მთავარი მრჩეველი და მეგობარია.

- მოხუცი ვიქნები...

- კეთილი მოხუცი ვიქნები. სად წარმომიდგენია არ ვიცი, მაგრამ მთავარია, გვერდით მყავდეს საყვარელი ადამიანი და შვილები. მთავარია, მარტოხელა არ ვიყო, მარტოობა ყველაზე რთულია.