ხართ თუ არა მოდის მსხვერპლი - დიზაინერი ეკა ბალანჩივაძე 2022 წლის მოდის ტენდენციებზე ქალებს რჩევას აძლევს

eka

ტანსაცმლის დიზაინერი ეკა ბალანჩივაძე ჟურნალ "გზასთან" მოდაზე საუბრობს და მიმდინარე წლის ტენდენციებზე ქალბატონებს მოსაზრებებს უზიარებს.

- მოდის რა ტენდენციებს გვთავაზობს 2022 წელი?

- ამბობენ, რომ 2022 წელს არ უნდა შევხვდეთ ნეონის ფერებში. თუმცა, ეს ფერები წელს ძალიან ტენდენციური იქნება... ზოგადად, ძალიან ბევრნაირი ხაზია მოდაში, გააჩნია რას ავარჩევთ... ბრუნდება 40-იანი წლების მოდა გამოყვანილი წელი, მინი ქვედაბოლოები... იქნება ასევე 70-იანი წლების მიწურულისთვის დამახასიათებელი, ძალიან მოკლე ქვედაბოლოები.

- ანუ ქალის სილუეტი უფრო გამოკვეთილი იქნება?

- დიახ, საბედნიეროდ... გული მწყდებოდა, რადგან ჩემი აღნაგობის ქალი ოდანავაც არ არის ლამაზი ამ აჯაჯულ და ჩაფართხუნებულ სამოსში. რაც ჩემი პლუსია - ვიწრო წელი და ასე შემდეგ, არანაირად არ ჩანდა. უფრო გრძელფეხება გოგოების მოდა იყო და არა ჩემნაირი, ქალური აღნაგობის. წელს წვრილი წელი, მოჭერილი ქამრები და გამოყვანილი სამოსი იქნება აქტუალური და შეგვიძლია თამამად ჩავიცვათ.

- მოდის მიმართულებით მეამბოხესთან დღეს დემნა გვასალია ასოცირდება...

- გეთანხმებით! დემნა მოდის სფეროში ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. მე დიდ პატივს ვცემ მისნაირ ადამიანებს. ზოგადად, სხვა კონცეფცია აქვს მის შემოქმედებას და სულ სხვა კონტენტი დევს დემნას მიერ შექმნილ კოლექციებში... არსებობენ "მოდის მსხვერპლები", რომლებიც იღებენ გვასალიას შექმნილ აბსოლუტურად ყველაფერს და საოცარი შესახედავები არიან.

"მსხვერპლებს" ვეძახი ადამიანებს, რომლებიც ერთად იცვამენ ყველაფერს, რასაც მათ მოდა სთავაზობს. ერთ ლუქში აქვთ თავმოყრილი ყველაფერი, ნაძვის ხესავით... არ არის აუცილებელი, რაც ტენდენციური და ახალია, სხეულზე ერთად ჩამოიკიდო...

- თბილისური მოდა დაიკარგაო, - ამ ფრაზას ეთანხმებით?

- მგონი, არაფერიც არ დაკარგულა... თბილისური სტილი ყოველთვის რაღაც ფენას გულისხმობდა. ის ფენა ტენდენციას აძლევდა მთელ თბილისს და დღესაც ზუსტად ეგრეა, არაფერიც არ შეცვლილა. ამ თაობის გამორჩეულ ტიპებსაც აქვთ გავლენა... ჩემი თინეიჯერობის დროს ყველგან ჯინსით დავდიოდით. ბოლო დროს ეგ ტენდენცია გამოსწორდა, უბრალოდ, ახლა პანდემიაა და ვერაფერი ტარდება, რომ ადამიანებმა შესაბამისად ჩაცმულებმა იარონ.

ადამიანები როგორც სახლში იცვამენ, ისე მიდიან სამსახურში თუ სხვაგან. ეს ძალიან არ მომწონს, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმლის დიზაინერი ვარ. ჩაცმის კულტურა, პეწი, ეტიკეტი ფაქტობრივად, აღარ არსებობს... ახლა სხვადასხვა დაწესებულება რომ გაიხსნა, ხალხმა ისევ დაიწყო ოდნავ გაპრანჭვა და ეს ძალიან მიხარია.