„ხალხი კონცერტებს მთხოვს, ხელშეწყობა მინდა...“ - კოსტა სანიკიძე

კოსტა

„პრაიმ ჰაუსის“ ერთ-ერთი გამორჩეული და სოციალურ ქსელებში ყველაზე პოპულარული მონაწილე, კოსტა სანიკიძე „პრაიმტაიმს“ საკუთარი შემოქმედებითი ცხოვრების შესახებ ესაუბრა.

გთავაზობთ ვრცელი ინტერვიუდან ამონარიდს. 

- უკვე გამოეცით  ლექსების კრებული?

- კრებული არ მაქვს, მაგრამ ძალიან მინდა. თანხა მომთხოვეს და ძალიან შემრცხვა საკუთარ თავთან, მაგრამ „გამიტყდა“. არც იმის ფული მქონდა, რომ დამებეჭდა და იმისიც შემრცხვა, ამდენი სტამბაა... რომ გადავხედე, ვის აქვთ დაბეჭდილი და გამოშვებული, მაგრად შემრცხვა.

ეს სადღაც 1 წლის წინ იყო, ახლაც მზად მაქვს, მაგრამ არავინ ინტერესდება. არ მყავს პროდიუსერი, მენეჯერი, კონცერტებსაც არ მატარებინებენ. 36 სიმღერის ავტორი ვარ. ალბომებიც ვერ დავამთავრე, იმიტომ, რომ მაგის ფინანსები არაა. მარტო ხარ, იცით როგორ კომერციაში? ვიღაცები დინოზავრებივით დააჯდნენ, „აუ, ეს ახალგაზრდაა“, „აპოლიტიკურია“, „ავტორ-შემსრულებელია“, თითის დაქნევები მქონია, საშიში ხარ და გაიწევიო, იმიტომ, რომ უკონტროლო ხარ. მე შენ პოპულარობა მოგცე, შემდეგ ჩემს წინააღმდეგ გამოიყენო ისე, სადაც მე არ გეთანხმები, იქნება არ გვაწყობსო - ასეთი დიალოგებიც ყოფილა. პირობას გაძლევთ, მივალ იმ ეტაპამდე და სახელ-გვარებით გავაჟღერებ ვისთან რა მქონდა.

- სად შეგვიძლია თქვენი სიმღერების ნახვა და მოსმენა?

- ჩემი არხი მაქვს Youtube-ზე და იქ შეუძლია მსმენელს ყველაფრის ნახვა. რამდენიმე სიმღერა თაროზე მაქვს შემოდებული, რადგან ორკესტრი მჭირდება. ეროვნული პროდუქტია, ქართულია და თავისი ხასიათი აქვს. ქართულად მღერა ცოტა რთულია.

ხელშეწყობა მინდა, მუსიკოსებს ვითხოვ და კონცერტებს, მეტს არაფერს. ხალხი მთხოვს, მსმენელი, ჩემი აუდიტორია მყავს.