ჯულიანას გულწრფელი პასუხი ოთოსთან ურთიერთობაზე - „დიდი სტიმულია ჩვენთვის, რომელიც გვეუბნება, რომ სწორ გზაზე ვდგავართ“

juliana da oto

მოცეკვავე ჯულიანა ბარ-გნარისთვის ზაფხული და დასვენება ისევ და ისევ საყვარელ საქმესთან და ვარჯიშთან ასოცირდება, რომლის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.

– ვიცი, რომ პირად ამბებზე საჯაროდ საუბარი არ გიყვარს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრს ლაპარაკობენ შენი და ოთოს ურთიერთობაზე, სხვადასხვა ინტერვიუებიდან ამონარიდებით ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ შეყვარებულები ხართ, გკითხავ – როგორ აისახება თქვენს ურთიერთობაზე საზოგადოების ასეთი ინტერესი?

– ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ჩვენზე, არა მხოლოდ ჩემსა და ოთოზე, ცალკე ჩემზე და ცალკე ოთოზეც ბევრს ლაპარაკობენ. ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი, რადგან ხშირ შემთხვევაში ხალხისგან ძალიან პოზიტიურ ემოციებს ვიღებთ. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტიმულია ჩვენთვის, რომელიც გვეუბნება, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. რაც შეეხება ჩვენს პირად ცხოვრებას, არც მე და არც ოთო მსგავს თემებზე არ ვსაუბრობთ და ეს აქტიურობა და ინტერესი, ჩვენზე არანაირად არ მოქმედებს. გააზრებული გვაქვს, რომ როცა ცნობილი სახე ხარ, ბუნებრივია, ამ თუ სხვა მიზეზით, შენზე ისაუბრებენ. ჩვენ ჩვენს საქმეებში ვართ ჩაფლული და ამას ყურადღებას არ ვაქცევთ (იცინის).

– საკუთარი გამოცდილებიდან, რა პლუსები და მინუსები აქვს პოპულარობას?

– მე მინუსებს ვერ ვხედავ. სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან დიდ სიყვარულს ვიღებ, რასაც ძალიან ვაფასებ. მგონია, რომ ასეთი სითბო და სიყვარული ყველასთვის სასიამოვნოა. რომ ვთქვა, რამით შემაწუხებელია-მეთქი, მგონია, ეს ცოტა სამარცხვინოდ ჟღერს. როცა ადამიანი შენ მიმართ ასეთ სიყვარულს გამოხატავს, როგორ შეიძლება, ეს შემაწუხებელი იყოს?! პირიქით, ძალიან დიდი მადლობა ჩემს გულშემატკივარს ამ სიყვარულისთვის.