იცით თუ არა, როგორ მოქმედებს კაცზე ქალის ცრემლების არომატი?

ქალი ტირის

ერთმანეთის დაყნოსვა ცხოველების თვისებაა. მაგალითად, ისინი ამ გზით ხვდებიან, არის თუ არა პარტნიორი შეჯვარებისთვის მზად. რა თქმა უნდა, ადამიანებში ყველაფერი განსხვავებულად არის.

სხეულის სუნისა და ადამიანის ქცევის საკითხების ურთიერთმიმართების შესწავლაში განსაკუთრებული როლი ანატომისტმა და ანთროპოლოგმა პოლ ბროკამ შეასრულა. მან ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ადამიანებს განუვითარებელი ყნოსვა მიაწერა, რაც მაშინ კომპლიმენტად ითვლებოდა: ბოლოს და ბოლოს, ვისაც აქვს ინტელექტი და თავისუფალი ნება, სუნის სახით ინფორმაციის წყარო სავსებით არ სჭირდება!

ყნოსვის შესახებ კვლევებს დღეისათვის ჯერ კიდევ მოკრძალებული ნიშა უჭირავს. თუმცა უკვე დადასტურებულია, რომ ჩვენ არა მხოლოდ მუდმივად ვყნოსავთ საკუთარ თავსა და სხვებს, არამედ ის, რასაც ცხვირით ვგრძნობთ, ჩვენს ქცევაზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს. ამიტომაც პოლ ბროკას რჩევებს რომც მივყვეთ და ყნოსვა უგულებელვყოთ, ის მაინც გვაკონტროლებს. 


რა შეუძლია სუნს?

სწორედ ამიტომ დრეზდენის უნივერსიტეტის ფსიქოთერაპიისა და ფსიქოსომატიკის კლინიკისა და პოლიკლინიკის მკვლევარი ლაურა შეფერი სუნებით არის დაინტერესებული. „ყნოსვა ადამიანის აღქმის სისტემის უძველესი გრძნობაა და პირდაპირ კავშირშია ლიმბურ სისტემასთან. სწორედ ეს არის ტვინის ის არეალი, სადაც ემოციები მუშავდება“, - განმარტავს მეცნიერი. შესაბამისად, ის, რასაც ვყნოსავთ, ჩვენს ემოციებზე პირდაპირ მოქმედებს. სწორედ ამ გზით სუნი გვეხმარება, საკუთარი გრძნობები და ქცევები ვაკონტროლოთ.

ისრაელელმა ნეირობიოლოგმა ნოამ სობელმა თავის კვლევაში აღწერა, რომ ქალის ცრემლების სუნი კაცში ტესტოსტერონის დონის დაცემას იწვევს, რასაც მათი უმეტესობის სექსუალური აღგზნებადობის შემცირება მოჰყვება. ცრემლები შეიცავს ქიმიურ სიგნალს, რომელიც ადამიანზე მოქმედებს და მას ქვეცნობიერად სწორედ ყნოსვით აღვიქვამთ. ანალოგიურად - გაუცნობიერებლად, სხვა ადამიანების სხეულის სუნის მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია წავიკითხოთ შიში, აგრესია, სტრესი და ბედნიერება. პარტნიორის არჩევაც სწორედ ცხვირის მეშვეობით ხდება და მეგობრობაც იწყება არა ღიმილით, არამედ - სხეულის სუნით. 

წყარო: „იმედინიუსი“