1746733863
იმაზეც მიფიქრია, რომ შეიძლება, ასეთი სიყვარული აღარც მოვიდეს - ნიკოლოზ ხაჩიძე სიყვარულზე

ნიკოლოზ ხაჩიძე, რომელიც წლების განმავლობაში „პროფილის“ პროდიუსერი იყო, ახლა ისევ „რუსთავი2“-ზე საავტორო გადაცემით დაბრუნდა. „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“ საინტერესო სტუმრებით, საინტერესო ეთერს ჩუქნის მაყურებელს. გარდა ამისა, ნიკოლოზი „ღამის პრაიმთაიმის“ ვარსკვლავური ექვსეულის წევრია.
ნიკოლოზის ვრცელი ინტერვიუდან მხოლოდ ინ ამონარიდს გაგაცნობთ, სადაც ის სიყვარულზე საუბრობს.
... შენ, ნოდიკო ტატიშვილი და დათუნა მგელაძე, როგორც ქალთა გულთამპყრობელები... შენთან რა მოხდა პირველი სიყვარულის შემდეგ?
– „ქალთა გულთამპყრობელი“ ცოტა გადაჭარბებული შეფასებაა (იცინის). კი, დათუნა დავაოჯახეთ, ჩვენ მეჯვარეები ვართ. მე ორჯერ მიყვარდა ძალიან. ერთხელ თინეიჯერობის პერიოდში, 17 წლის ვიყავი, რომ გავიცანი და 4-5 წელი ვიყავით ერთად. ამ ურთიერთობის დასრულებიდან, რამდენიმე წლის შემდეგ კიდევ შემიყვარდა და ეს ურთიერთობა სამი წელი გაგრძელდა. ძალიან მომწონს, როცა შეყვარებული ვარ. ცოტა საქმეს ვეთიშები ხოლმე, მაგრამ სიყვარული იმდენად მაბედნიერებს, რომ ღირს.
– რატომ გამოვიდა ისე, რომ არცერთი ურთიერთობა ოჯახის შექმნით არ დამთავრდა?
– ერთ-ერთი უნდა დასრულებულიყო ოჯახით, ასე ვფიქრობდით, მაგრამ მერე ბევრი რამ მოხდა და ბავშვური შეცდომების გამო დავიშალეთ. დღეს მას ოჯახი აქვს და როგორც ვიცი, ძალიან ბედნიერია. დღემდე იმდენად მაგარი გოგოა, რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ მაგარი შეყვარებული მყავდა (იცინის). ოჯახს რაც შეეხება, მგონია, რომ მისი შექმნა ასაკზე არ არის დამოკიდებული. თუ გრძნობა არ მოვიდა, რომელიც მიგახვედრებს, რომ ის ადამიანი იპოვე, ვისთან ერთადაც გინდა ცხოვრების გატარება, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხარ. როცა შეყვარებული ვარ, ფეხის თითიდან თმის ღერამდე იმ ადამიანით ვარ გაჟღენთილი და ამ გრძნობის გარეშე ოჯახი აზრს მოკლებული მგონია. იმაზეც მიფიქრია, რომ შეიძლება, ასეთი სიყვარული აღარც მოვიდეს. მყავს ბევრად უფროსი დაუოჯახებელი მეგობრები, რომლებიც საერთოდ არ არიან უბედურები. პესიმისტურად არ ვუყურებ ამ საკითხს, მჯერა, რომ სიყვარულს ვიპოვი. არ მინდა, მათ რიცხვში ვიყო, ვისაც სიყვარულში არ გაუმართლა, მაგრამ თუ მაინც იქ აღმოვჩნდები, ამასაც არა უშავს (იცინის).
– ხშირად გვესმის ხოლმე ჭორები თუ კითხვები მაიასთან დაკავშირებით, როგორია რეალობა?
– ეს ჭორები, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა, სრული სისულელეა. ამას სიმართლესთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. მე და მაია წლები ვმუშაობდით ერთ საქმეზე და ბუნებრივია, რომ დიდ დროს ვატარებდით ერთად. ამაზე აეგო ეს ჭორი, თორემ რეალობასთან არანაირ კავშირში არ იყო.
ჟურნალი „თბილისელები“