Exclusive: ვის უძღვნის აბი ბოლო დროის ყველაზე ცნობილ ჰიტს "როგორ დაგანებო თავი" - მომღერალი პირად ცხოვრებაზე ალაპარაკდა

abiii

"როგორ დაგანებო თავი, როგორ ვთქვა შენზე უარი" - ამ ფრაზის გაგონება ქართველ მსმენელს ცეკვა-სიმღერის განწყობაზე აყენებს. Youtube და Tik Tok ჩარტებში ლიდერი სიმღერის ავტორი და შემსრულებელი აბი ხანუქაშვილია, რომელთანაც ვრცელი ინტერვიუ "პრაიმტაიმმა" ექსკლუზიურად ჩაწერა. 

რა თქმა უნდა, მომღერალთან საუბარი სწორედ სიმღერაზე "როგორ დაგანებო თავი" დავიწყეთ. 27 წლის აბი პროფესიით ბიზნესადმინიტრატორია. ალბათ, ჩვენი მკითხველისთვისაც და აბის მსენელისთვისაც სიურპრიზი იქნება  თუ გაგიმხელთ, რომ მას მუსიკალური განათლება არ აქვს. 

გაჰიტებული სიმღერები მხოლოდ მისი ნიჭის და სმენის წყალობით მისსავე ხმის ჩამწერ სტუდიაში იქმნება, სადაც როგორც თავად ამბობს, დროის უდიდეს ნაწილს ატარებს. მომღერალს შემოქმედებითი ნიჭი ალბათ, ბებიისგან გენეტიკურად ერგო, რომელიც პოეტია. 

აბი ხანუქაშვილი 14-მდე სიმღერის ავტორია, მის შემოქმედებას ქართველი მსმენელი კარად იცნობს, თუმცა უსმენენ და უყვართ საქართველოს საზღვრებს მიღმაც. აბის დაწერილ სიმღერებს მღერიან სომხეთში, აზერბაიჯანში, ისრაელში... მალე მომღერალი სოლო კონცერტს გამართავს. 

როგორც აბი ამბობს, ამ ეტაპზე მისი გული თავისუფალია და ძიების პროცესშია - იმ იდეალის, რომელიც მომღერლის მუზა ხშირად ხდება, და რაც მთავარია, აბი ამხელს ვინ არის სიმღერის "როგორ დაგანებო თავი" ადრესატი - ეს მისი მსმენელია, ცნობილი ჰიტი სწორედ მსმენელს მიუძღვნა. 

"27 წლის ვარ, პროფესიით ბიზნესადმინისტრატორი, თუმცა ამ პროფესიით არასოდეს მიმუშავია. ჩემი მთავარი მოწოდება მუსიკაა და ბოლო ერთი წელია, რაც აქტიურად ჩავერთე. პირველი სიმღერა, რომელიც დავწერე, "პაემანია". Tik Tok-ზე დავდე თუ არა, მალევე ძალიან პოპულარული იყო. ჩემი მეოთხე ნამუშევარია ის სიმღერა, რომელიც ხალხს ძალიან უყვარს და ჰიტად აქციეს ესაა "როგორ დაგანებო თავი". 

მართალი გითხრათ, მე თვითონაც არ ველოდი ამხელა წარმატებას. ჩემი შემოქმედების ყველაზე დიდი კრიტიკოსები ოჯახის წევრები არიან, სულ ვთხოვ ხოლმე - პირდაპირ მითხრან, რასაც ფიქრობენ და არ მომიდგნენ როგორც მათიანს... 

როცა ჩემი სიმღერები გაჰიტდა, ვოცნებობდი ჩემი ხმის ჩამწერი სტუდია მქონოდა და ეს ოცნებაც ამიხდა, ახლა abimusic მაქვს, სადაც თითქმის მთელ დროს ვატარებ, არ მღლის ტექსტის ან მუსიკის წერის პროცესი. თუმცა, სულ ვეკითხები ჩემს თავს - კიდევ შევძლებ მორიგი სიმღერები ვწერო?

ეს მაშინებს, მაგრამ მჯერა, რომ როცა ადამიანს რაღაც ძალიან უნდა, დაბრკოლებებს გადალახავს და უკან არ დაიხევს, სწორედ მაშინ ღმერთი განსაკუთრებულ ძალას აძლევს და ოცნებებიც ფრთებს ისხამს. 

 

ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც - დავიწყე მუსიკის წერა ისე, რომ მუსიკალური განათლება არ მაქვს, უბრალოდ მელოდიას სმენით ვაწყობ და ასე იქმნება ჩემი სიმღერები. 

ძალიან მიხარია, მოტივაციას მიმაღლებს და კიდევ მეტის შექმნის სურვილს მიჩენს ის ფაქტი, რომ ჩემი უცხოელი კოლეგები მათთვის სიმღერების დაწერას მთხოვენ, რომლებსაც უსმენენ აზერბაიჯანში, სომხეთში ისრაელში. მეც მიწვევენ სხვადასხვა ქვეყნებში კონცერტების ჩასატარებლად. მალე ალბათ, საქართველოში სოლო კონცერტს გავმართავ, ახლა ამისთვის ბენდთან ერთად უნდა მოვემზადო. 

მიხარია, რომ საქართველოში ქართულენოვანი სიმღერების შესრულების ტენდენცია მოდურია და აღარ ითვლება ამ ქვეყანაში ქართულად სიმღერა სიგოიმედ. მე ეთნიკური ებრაელი ვარ, საქართველოში დაბადებულ-გაზრდილი. ისრაელში ნათესავებს ვსტუმრობ-ხოლმე, თუმცა საქართველო ძალიან მიყვარს, ამ ქვეყნიდან ვერასოდეს წავალ და სხვაგან ვერ ვიცხოვრებ. მიყვარს საქართველო, ქართული სიმღერა და ყველაფერი, რაც ამ ქვეყანას აქვს. 

რაც შეეხება ჩემი სიმღერების ადრესატს, ახლა თავისუფალი ვარ, ჩემი გული არავის ეკუთვნის. ვფიქრობ ხოლმე, როგორი ურთიერთობა მექნებოდა იდეალთან, რომელზეც ვფიქრობ ხოლმე და ასე ვქმნი ტექსტს. "როგორ დაგანებო თავი" კი ეძღვნება ჩემს მსმენელს, ვინც სიმღერების წერის მოტივაცია მომცა. უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულს, ვინც ჩემს სიმღერებს უსმენს, მე თქვენთვის ვწერ, ვმღერი და ალბათ, კიდევ ბევრჯერ გაგახარებთ, თუ ღმერთმა ინება." - ამბობს აბი.